უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთისგან ომის დასრულების მოლაპარაკებების ფარგლებში მიღებული დოკუმენტის პროექტი მიიღო. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება, ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთისგან მსგავსი შეთავაზება „არათუ არ უნახავს, არამედ დარწმუნებულია, რომ ის არც არსებობს“.
ის ასევე პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ "ბურთი კიევის მხარესაა".
"პრინციპში, ადრე ფეხბურთს საკმაოდ კარგად ვთამაშობდი. რა წესებია იქ: ორი გუნდი და ბურთი უნდა იყოს. აქ მეჩვენება, რომ პესკოვი ფეხბურთს საკუთარ თავს ეთამაშება. როგორც კი ბურთს ჩვენ მოგვცემენ, აუცილებლად ვაჩვენებთ კარში როგორ ვურტყამთ“, - დასძინა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინას შეთანხმების დოკუმენტის პროექტი გადასცა.