მარიუპოლში ადამიანები ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ეძებენ. ქალაქის განადგურებულ ქუჩებში მარიუპოლელები ბოძებზე აკრავენ განცხადებებს, რომ ხმა მიაწვდინონ საყვარელ ადამიანებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეტყობინებები ასეთია: "დედა, სახლში ვარ, არ დამწვარა, გელოდები", "ნიკიტინა, შენი შვილი ნიკინა ცოცხალია, ბებიასთანაა", "იური, სახლში დაბრუნდი, დედა ძალიან ნერვიულობს", "ანდრეი შელუდინ, სახლი მთლიანად დამწვარია, ამ მისამართზე გვიპოვნი"...
რამდენიმე დღის წინ კი 36-ე ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინა მსოფლიოს მიმართა და პაროუპოლის გადარჩენისთვის დახმარება ითხოვა.
"50 დღეზე მეტია, ქალაქის დამცველები გმირულად იცავენ თავს, მიუხედავად მტრის მიერ მუდმივი საჰაერო დაბომბვის, საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმებისა. მარიუპოლი მაინც უკრაინული ქალაქია, რასაც არ უნდა გეუბნებოდეთ რუსული პროპაგანდა. ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით და ვაკავებთ მტრის ათასობით სამხედროს და ხელს ვუშლით მათ წინსვლას, მაგრამ ეს ხდება ზეადამიანური ძალისხმევისა და დიდი დანაკარგების ფასად.
ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება. მტერმა ქალაქი ალყაში მოაქცია და ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე მძევლად ჰყავს. ქალები და ბავშვები, მათ შორის ჩვილები, იმალებიან ჩვენს სამხედრო ბუნკერებში.
ჩვენი დაჭრილები ყოველდღიურად იღუპებიან აუტანელი ტანჯვით, რადგან წამლები, სადეზინფექციო საშუალებები, ანესთეზიის საშუალებები დიდი ხანია ამოგვეწურა.
ჩვენ ვთხოვთ მსოფლიოს დაჭრილების, ბავშვების, ქალების და გარდაცვლილების ცხედრების ევაკუაციაში დახმარებას.
მოვუწოდებთ მსოფლიო პოლიტიკოსებს, საზოგადო და რელიგიურ მოღვაწეებს, არ იყვნენ გულგრილები მარიუპოლის ბლოკადაში მოყოლილი ადამიანების მიმართ, მათი ნების საწინააღმდეგოდ." – ამბობს ვოლინა.