უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, მარიუპოლში ტყვეების გაცვლა არ შედგა.
პრეზიდენტის თქმით, ასევე, არ შედგა შეთანხმება იმ 3 კონკრეტულ საკითხზეც, რომელზეც ოფიციალური კიევი ბოლო დღეების განმავლობაში საუბრობდა: ტყვეების გაცვლა; არახამიასა და პოდოლიაკის ჩასვლა მარიუპოლში და სამხედროების გამოყვანა დერეფნების მეშვეობით, საკუთარი იარაღით დაჭრილებსა და მოქალაქეებთან ერთად და მესამე - ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა.
ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ პუტინის ის განცხადება, რომელშიც შოიგუსთან ერთად ის, ფაქტობრივად, ზეიმობდა მარიუპოლის აღებას, არ შეესაბამება რეალობას.
"უკრაინელი სამხედროები მარიუპოლის იმ ნაწილში რჩებიან, რომელიც მათ კონტროლს ექვემდებარება. გუშინდელი დღის შემდეგ ქალაქში ვითარება ფაქტობრივად არ შეცვლილა. მოგეხსენებათ, ადგილზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა, აზოვსტალში ათასობით ჩვენი სამხედროა ბლოკადაში, ხოლო მარიუპოლში 120 000 მშვიდობიანი მოქალაქეა ალყაში მოქცეული. უკრაინა მუდმივად მუშაობს მარიუპოლის მცხოვრებთა ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნების განსახორციელებლად, თუმცა ამ პროცესს რუსეთი აფერხებს.
მე არ ვიცი რა უთხრა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა რუს ხალხს, მაგრამ ვიცი, რომ მათ მარიუპოლის უმეტესი ნაწილი დიდი ხნის წინ დაიკავეს, ქალაქის ნაწილში კი ჩვენი ჯარისკაცები ჯერჯერობით რჩებიან. მარიუპოლის განბლოკვა რამდენიმე გზით არის შესაძლებელი. არსებობს სამხედრო გზა, ამისთვის საჭიროა შესაბამისი მზადყოფნა, პარტნიორების დახმარება და შესაბამისი შეიარაღება. ეს რთული იქნება, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ ამაზე. მეორე გზა არის დიპლომატიური და ჰუმანიტარული გზა, რომელიც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. ჩვენ შუამავლების მეშვეობით რუსეთს დაჭრილების გაცვლა შევთავაზეთ, რაზეც მათ უარი განაცხადეს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.