"აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის განცხადებით, ალყაში მოქცეული "აზოვსტალის" ქარხნის მიწისზედა ტერიტორია დიდწილად განადგურებულია და მშვიდობიანი მოქალაქეები დანგრეული შენობების ქვეშ არიან ჩარჩენილი.
მისივე თქმით,ბოლო ორ დღე ღამეში რუსებმა რამდენჯერმე სცადეს ჩვენი პოზიციების დაკავება, მაგრამ მარიუპოლი უკრაინის კონტროლქვეშ რჩება.
"აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ვართ. ბოლო ორ დღე ღამეში რუსებმა რამდენჯერმე სცადეს ჩვენი პოზიციების დაკავება. ჩვენ მუდმივად საჰაერო, სარაკეტო დაბომბვების ქვეშ ვართ. დაბომბვების გამო აზოვსტალი ნანგრევებითაა დაფარული. "აზოვსტალის" ტერიტორიაზე ყველა შენობა პრაქტიკულად განადგურებულია. ისინი ყრიან ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებს, რაც იწვევს უზარმაზარ ნგრევას. ჩვენ გვყავს დაჭრილები და დაღუპულები ბუნკერებში. ზოგიერთი მშვიდობიანი მოქალაქე ჩარჩენილია დანგრეული შენობების ქვეშ. მოქალაქეები რჩებიან სარდაფებში, თითოეულში საშუალოდ 80-100 ადამიანი, მაგრამ არ ვიცით ზუსტი რიცხვი, რადგან რამდენიმე შენობა სრულად განადგურებულია და მუდმივი დაბომბვების გამო იქამდე ვერ ვაღწევთ. ჩვენ კონტაქტზე ვრჩებით იმ მოქალაქეებთან, რომლებიც იმ ადგილებში არიან, სადაც მისვლა შეგვიძლია. ვიცით, რომ იქ პატარა ბავშვები არიან, სამი თვის ასაკისაც. ყოველთვის ვამბობ, რომ სანამ ჩვენ აქ ვართ, მარიუპოლი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება. მარიუპოლი იყო და დარჩება უკრაინული, არ აქვს მნიშვნელობა ისინი რას ამბობენ," - აცხადებს პალამარი.