
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ომის დაწყებიდან 36–ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ კიევის ოლქიდან, ჩერნიგოვიდან, სუმიდან მტრის განდევნა ამ დრომდე მიმდინარეობს. ოკუპანტები თავად ამბობენ, რომ იმ ინტენსიურობით ბრძოლის გაგრძელება არ შეუძლიათ, როგორსაც მარტის პირველ ნახევარში ახორციელებდნენ.
"უკვე დასრულდა თავდაცვის 36-ე დღე. ვერ ვიჯერებ, მაგრამ მარტი სრულიად შეუმჩნევლად მიიწურა. ყოველი დღე და ღამე ჩვენთვის ერთი და იგივე გახდა. ჩვენი მიზანია, თავი დავიცვათ, მტერი ვიპოვოთ და განვდევნოთ ქვეყნიდან. მტერი ცდილობს, ყველა მხრიდან შემოიჭრას, საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო მიმართულებებიდან და ჩვენს ტერიტორიაზე გამაგრდეს. მათ გულში ძალიან დიდი ბოროტება აქვთ, წვავენ, ძარცვავენ, თავს ესხმიან და ცდილობენ მოკლან, მაგრამ როცა შენ საკუთარ მიწაზე ხარ, ყველაფერი გეხმარება. მიწა, მდინარე, თითოეული ადამიანი, ისიც, ვისგანაც დახმარებას არ ელოდი.
ჩვენ იმაზე უფრო დიდხანს გავუძელით ამ ყველაფერს, ვიდრე მტერი ფიქრობდა. ფიქრობდნენ, რომ ქვეყნის დასაპრყობად 3 ან 5 დღე დასჭირდებოდათ. უკვე 36 დღე გავიდა. ჩვენ კი მედგრად ვდგავართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ძალა გვეყოფა, რამდენი შესაძლებლობაც გვექნება.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს უხარია და სიამოვნებით კითხულობს იმ ახალ ამბებს, რომელსაც მედია ჩვენი ქალაქების ეტაპობრივ გათავისუფლებაზე ავრცელებს. ეს სიმართლეა. ჩვენი შეიარაღებული ძალები, ეროვნული გვარდია და პოლიცია, დაზვერვა, თითოეული მათგანი ყოჩაღები არიან, რისთვისაც დიდი მადლობა.
კიევის ოლქიდან, ჩერნიგოვიდან, სუმიდან მტრის განდევნა ამ დრომდე მიმდინარეობს. ისინი თავად ამბობენ, რომ იმ ინტენსიურობით ბრძოლის გაგრძელება არ შეუძლიათ, როგორსაც მარტის პირველ ნახევარში ახორციელებდნენ. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მსგავსი საუბრები და ქცევები რუსებისთვის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია. ვიცით მათი გეგმები, ჩანაფიქრები, მიზნები, ისინი გადიან იმ ტერიტორიებიდან, სადაც ჩვენ მათ ვანადგურებთ და ყურადღება სულ სხვა ადგილებზე გადააქვთ, რომლებიც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია.
ამიტომ, ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია ემოციების შეკავება, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება თითოეულ ჩვენგანს ერთნაირად გვსურს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ წინ კიდევ ბევრი ბრძოლა იქნება. უნდა გავიაროთ ძალიან ბევრი გზა იმისთვის, რომ მივიღოთ ის, რაც ჩვენია. თითოეულმა ჩვენგანმა ისე უნდა იბრძოლოს, როგორც მას შეუძლია. მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, ჩვენს ჯარისკაცებს, თავდაცვას. ბავშვებმა "ლაიქებით", მშობლებმა ტკბილი სიტყვებით, ყველა იმ რესურსითა და შესაძლებლობით რაც გვაქვს და რაც უკრაინას შეუძლია. შეიკავეთ ემოციები და აიმაღლეთ საბრძოლო განწყობა გამარჯვებამდე." – განაცხადა ზელენსკიმ.