უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, საქართველოს თითქმის მესამედი რუსების მიერაა ოკუპირებული. ამ ტერიტორიებზე კრიმინალური ანკლავებია განლაგებული, რაც რეგიონში ყოველთვის დესტაბილიზაციას გამოიწვევს, ამის გამო კი საქართველოს მუდამ არასტაბილურობის საფრთხე ექნება. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში ისაუბრა.
მისივე თქმით, ისეთი ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა სხვა ემოციურ მხარდაჭერას ელოდებოდნენ უკრაინელები.
"ჩვენ არა თუ ველოდებით ვინმესგან რამეს, არამედ ჩვენით ვიცავთ საკუთარ ტერიტორიებს და ასეც გაგრძელდება. უბრალოდ, მე მგონია, რომ ისტორიულად, ისტორიული, ცივილიზაციური თვალსაზრისით, ყველა ქვეყნიდან, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა სხვა ემოციურ მხარდაჭერას ველოდებოდით რადგან თქვენი ქვეყანაც ისევე დაზარალდა რუსული ექსპანსიისგან, როგორც ჩვენ. ქვეყნის თითქმის მესამედი რუსების მიერაა ოკუპირებული. ამ ტერიტორიებზე კრიმინალური ანკლავებია განლაგებული, რაც რეგიონში ყოველთვის დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რის გამოც საქართველოს მუდამ არასტაბილურობის საფრთხე ექნება. ჩვენ ვფიქრობდით, რომ საქართველოს შეეძლო უფრო ემოციური პოზიცია დაეჭირა რუსული ნაციზმის მიმართ, გვქონდა მოლოდინი რომ ის უფრო მკაფიოდ დაგმობდა რუსეთის უკრაინაში ნაცისტურ ქმედებებს. მე მესმის იმ სიტუაციის სიმძიმის, რომელშიც საქართველო იმყოფება, როდესაც დედაქალაქთან რამდენიმე ათეულ კილომეტრში უცხო ქვეყნის ჯარის წარმომადგენლები არიან განლაგებული, მათ მიმართ კი საზოგადოების კოლაბორაციონისტების ნაწილი მხარდაჭერას აცხადებს. მესმის, რომ საქართველოს უჭირს მკაცრი განცხადებების გაკეთება, თუმცა ვხედავ რომ ქართველი ხალხის პოზიცია აბსოლუტურად მკაფიოა და თბილია უკრაინის მიმართ, მხარს უჭერენ უკრაინას, რაშიც ეჭვი არავის ეპარება. უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთნაირად იტანჯება რუსული აგრესიის გამო, დამპყრობლის გამო, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ეწოდება. რაც შეეხება ხელისუფლებას, გარკვეული დროის განმავლობაში მიდრეკილება იქითკენ იყო, რომ რუსეთთან მომხდარიყო გარკვეული შეთანხმება - გარკვეულ წესებზე. საქართველოს ესა თუ ის ხელისუფლება, რომელსაც განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდა თქვენს პრორუს ბიზნესმენთან, ბატონ ივანიშვილთან, რუსეთთან დაახლოების გადაჭარბებული მცდელობები ჰქონდა, იმ მიზნით რომ რუსეთთან სახელისუფლებო დონეზე შერიგება და ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბება მომხდარიყო. ვფიქრობ, ეს მცდარი ტაქტიკა იყო. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთისთვის არ არსებობს მეგობრები, არ არსებობს სახელშეკრულებო ვალდებულებები. არსებობენ მხოლოდ ვასალები, რომლებსაც მოუწევთ რუსეთის ფედერაციის ინტერესებიდან გამომდინარე ისტორიის გარკვეულ პერიოდში ამა თუ იმ როლის შესრულება. სავარაუდოდ, ამით შეიძლება აიხსნას საქართველოს არც თუ ისე მკაცრი პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით."– განაცხადა პოდოლიაკმა.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ.