ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რათა ლიდერებს, დონბასის რეგიონში რუსეთის უკანასკნელი შეტევისა და უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ განეხილათ, - ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ვირტუალურ კონფერენციაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა მონაწილეობდნენ.
„ლიდერებმა აღმოსავლეთ უკრაინაში, ფრონტის ხაზის გასწვრივ ამჟამინდელი თავდასხმა დაგმეს, რომელიც მძიმე დაბომბვებს მოიცავს, რაც კიდევ უფრო დიდ ადამიანურ ტანჯვას იწვევს. ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს და სანამ ეს მოხდება, მოსკოვისთვის უფრო მაღალი ხარჯის დაწესების მნიშვნელობის შესახებ შეთანხმდნენ. გენერალურმა მდივანმა კოლეგებს ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ნატო ყველა მოკავშირის დასაცავად, რაც საჭიროა ყველაფერს გააკეთებს. მან ასევე სხვა ლიდერებს გააცნო, მოკავშირეების მუშაობის შესახებ, უკრაინის შემდგომი სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.