უკრაინის ტერიტორიაზე ნაცისტურ რეჟიმთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რუსეთის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, რუსეთისა და გლობალური ისტორიის შესახებ რელიგიურ და პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად გამართულ დისკუსიაში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, დასავლური ქვეყნები უკრაინის საქმეებში პირდაპირ და ფარულად ჩარევაში, ასევე მილიონობით უკრაინელის გონებაში „ფსევდოღირებულებების“ ჩანერგვაში დაადანაშაულა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის დასუსტებისა და განადგურების მცდელობები ისევ გრძელდება, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.
„ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნები უკრაინის საქმეებში პირდაპირ და ფარულად ერეოდნენ. იგივეს ცდილობდნენ რუსეთთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, უკრაინაში მილიონობით ადამიანის გონებაში „ფსევდოღირებულებების“ ჩანერგვა მოახერხეს, რამაც პრაქტიკულად გამოიწვია ამ ქვეყანაში „ანტირუსეთის“ შექმნა. უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩენილ ნაცისტურ რეჟიმთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო. თებერვალში რომ არ გვემოქმედა, მაშინ ყველაფერი იგივე იქნებოდა, ყველაზე უარესიც კი ჩვენთვის. ისინი ხელს უწყობენ საკუთარ გეოპოლიტიკურ ღირებულებებს, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ უკრაინელი ხალხის ინტერესებთან. ასევე გრძელდება მცდელობები რუსეთის დასუსტებისა და განადგურების მიზნით. ისინი დგანან უკრაინის მოვლენების უკან. ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ; ჩვენ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს ისევე, როგორც ეს ჩვენმა გმირმა წინაპრებმა გააკეთეს“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.