უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ამერიკის კონგრესთან ვიდეომიმართვისას პრეზიდენტ ბაიდენს და ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა ყველა გაწეული დახმარებისთვის.
მისივე თქმით, უკრაინა მადლიერებას გამოხატავს მხარში დგომის გამო - წვრთნები, დაფინანსება და სხვადასხვა ტიპის დახმარებებისთვის.
"ახლა უკრაინისთვის ყველაზე შავ-ბნელი პერიოდია და გთხოვთ დააწესეთ უფრო მეტი სანქციები, სანამ რუსეთი არ გაჩერდება. რუსეთმა ვერ უნდა მიიღოს ვერცერთი ცენტი, რადგან ისინი ამ ფულს იყენებენ უკრაინელი ხალხის გასანადგურებლად, აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ გაანადგურონ უკრაინა, გაანადგურონ ევროპა. აშშ-მა პორტები უნდა დახურონ რუსული გემებისთვის.
ჩვენ გახლავართ ომის საწინააღმდეგო კოალიციაში, რომლებიც აერთიანებს ათობით ქვეყანას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პუტინის გადაწყვეტილებას, რომ დაიპყროს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვჭირდება მეტი. გვჭირდება ახალი ინსტრუმენტები, იმ ომის შეჩერება რომელიც დაიწყო 24 თებერვალს. ეს ბოროტი ძალა უნდა დაისაჯოს. დღეს მსოფლიოს არ აქვს ეს ინსტრუმენტები,რომ ასე მალე დაასრულოს ომი. რა თქმა უნდა არსებობს ინსტიტუცია, რომელმაც უნდა დაგვიცვას ჩვენ ომისგან, მაგრამ ისინი სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ მოქმედებენ ეფექტურად. ჩვენ გვჭირდება ახალი ინსტიტუციები, ახალი ალიანსები და ჩვენ გთავაზობთ, რომ ახალი ალიანსი ჩამოვაყალიბოთ და ერთობლივად შევაჩეროთ ეს კონფლიქტი. თქვენ უნდა იმუშაოთ იმისთვის, რომ მშვიდობამ დაისადგუროს, გადაარჩინეთ მსოფლიო, გადაარჩინეთ უკრაინა, გადაარჩინეთ სიცოცხლეები.
დღეს საკმარისი არ არის, რომ იყო ლიდერი, უნდა იყო მსოფლიო ლიდერი, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა გახდეთ მშვიდობის ლიდერები, მშვიდობა თქვენს ქვეყანაში არაა დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ თქვენზე და თქვენს მოსახლეობაზე. ეს დამოკიდებულია თქვენს მეზობლებსა და მეგობრებზე. ძლიერი არ ნიშნავს დიდს, ძლიერი ნიშნავს მამაცს და მზაობას იმისთვის, რომ იბრძოლო ადამიანის უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის, სიმშვიდისთვის და სიკვდილისთვის თუ შენი დრო მოვიდა. მაგრამ არ უნდა მოკვდე იმისთვის, რომ ეს შენ მეზობელს უნდა. უკრაინელი ხალხი დღეს იცავს არა მხოლოდ უკრაინას, ჩვენ ვიბრძვით ევროპული ღირებულებებისთვის, მსოფლიო ღირებულებებისთვის, უკეთესი მომავლისთვის, სწორედ ამიტომ დღეს ამერიკელი ხალხი ეხმარება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სრულიად ევროპას და მსოფლიოს იმისთვის, რომ სიცოცხლე შეინარჩუნონ პლანეტაზე, შეინარჩუნონ სამართლიანობა და ისტორია.
თითქმის 45 წლის გახლავართ, ჩემი ასაკი შეჩერდა, დრო შეჩერდა, როდესაც ასობით ბავშვის გული გაჩერდა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს სიკვდილის მანქანა და ესაა ჩემი უმთავრესი მისია. მე უნდა ვემსახურო ჩემ უკრაინელ ხალხს, და როგორც ჩემი ერის ლიდერი მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს, თქვენ ბრძანდებით უდიდესი ქვეყნის ლიდერი და გისურვებთ, რომ გახდეთ მსოფლიო ლიდერი და მსოფლიო ლიდერობა ნიშნავს, რომ იყოთ მშვიდობის ლიდერი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. დიდება უკრაინას," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესის მიმართვისას.