გერმანიამ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემა გადასცა, – ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
როგორც გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა აღნიშნული, უკრაინას ასევე გადაეცა „პეტრიოტის“ სისტემის რაკეტები, თუმცა რა რაოდენობით, ბერლინში არ აკონკრეტებენ.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ „პეტრიოტის“ სისტემების უკრაინისთვის მიწოდების ვადა და კომპლექტაციის დეტალები მის დანიშნულების ადგილზე ჩატანამდე უსაფრთხოების მიზნით არ ხმაურდებოდა.
გერმანიამ 2022 წლის დასაწყისიდან 2023 წლის აპრილამდე უკრაინისთვის ორი მილიარდ 750 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიწოდების ლიცენზია გასცა. ამჟამად აშშ-ში უკრაინელი სამხედროები „პეტრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ოპერირებას სწავლობენ, რის შემდეგაც უკრაინას „პეტრიოტის“ კომპლექსების ორ ბატარეას გადასცემენ. მათი უკრაინაში ამოქმედება აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გახდება შესაძლებელი.