პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე.
„გვითხრეს, რომ დასავლეთი თქვენთვის იბრძვის. ისინი ასევე მზად არიან, დაიცვან მოლდოვაც და დაიცავდნენ საქართველოსაც, ამ ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება უცნაურად რომ არ იქცეოდეს. მე ვიცი, რომ ამას მოჰყვება კომენტარები. ვიცი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა, მინისტრებიც გამოვიდნენ.
უკრაინა არ ერევა თქვენს სუვერენულ პოლიტიკაში, მათ შორის არც ჩემი, არესტოვიჩის განცხადებებით. თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი სახელმწიფო. მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე. ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს "პირველი არხის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების და ზოგადად, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ომი.
„ამ ჰიბრიდულ ომში ჩართულია რამდენიმე რადიკალური პარტია საქართველოში, მათი მედია და რამდენიმე ორგანიზაცია. ჩვენ ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა მართალია, არა ცხელი ომის პირობებში, მაგრამ საინფორმაციო ომის პირობებში. ეს არის მთლიანი, ასე ვთქვათ, დეზინფორმაციის ნიაღვარი, რომლის გაბათილებაც გვიწევს.“, – განაცხადა პაპუაშვილმა.