"ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არ იყო ჩვენი რაკეტა ან ჩვენი სარაკეტო დარტყმა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოგდებულ რაკეტებთან დაკავშირებით.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა და განაცხადა, რომ გამოძიებაში უკრაინული მხარეც უნდა ჩაერთოს:
"გუშინ მთელმა მსოფლიომ შეიტყო პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ. ეს ჩვენი მოძმე და მეგობარი ქვეყანაა. იქ მომხდარის დეტალებზე ამ დრომდე ვმუშაობთ. ფაქტები ბევრია, თუმცა უცვლელია ის საკითხი რომ რუსეთმა დასავლეთ უკრაინაზე 25 იერიში მიიტანა. ჩვენი საჰაერო თავდაცვა ინტენსიურად მუშაობდა. მადლობა ჩვენს ბიჭებს რომლებმაც რაკეტების უმრავლესობა გაანადგურეს. პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნა ტრაგედიაა, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ უკრაინა ევროპის დამცავი ფარია. ომის დაწყების პირველივე დღიდან ვითხოვთ უკრაინის ცის ჩაკეტვას და ამას ვერ მივაღწიეთ. ეჭვიც არ მეპარება იმაში რომ ჩვენი რაკეტა და ჩვენი იერიში არ იყო. ამის შესახებ სამხედრო ხელმძღვანელობამ დეტალური ინფორმაცია მომაწოდა. საფუძველი არ მაქვს ამ ადამიანებს არ ვენდო რადგან მათთან ერთად ომი გამოვიარე. ბევრ ლიდერს ვესაუბრე მომხდარზე. შესაძლებელია თუ არა უკრაინის წარმომადგენლების დაშვება შემთხვევის ადგილზე ?! ეს სამართლიანი იქნება... შესაძლებელია თუ არა გამოძიების გარეშე კონკრეტული ფაქტებზე საუბარი? თუ ამბობენ რომ ეს ჩვენ ვიყავით? ადგილზეც ხომ უნდა დაგვიშვან?! - უნდა დაგვიშვან. ეს სამართლიანია, რადგან ჩვენ პარტნიორები ვართ. ჩვენ ამის უფლება გვაქვს.. მტკიცებულებები უნდა მივიღოთ", - დასძინა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 15 ნოემბერს, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთმა თქვა, რომ რაკეტა რუსული წარმოებისაა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კონფლიქტის დროს ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა.
დუდამ ოთხშაბათს საღამოს გამართულ მიმართვაში განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა რაკეტა. პოლონეთმა მოიწვია საერთაშორისო ექსპერტები აფეთქებების გამოსაძიებლად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მას "არაფერი აქვს საერთო" პოლონეთში მომხდართან.