უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ „ყველაფერმა დუღილის წერტილს მიაღწია“, რის გამოც კიევმა „მკვეთრი, მაგრამ სამართლიანი ნაბიჯი“ გადადგა.
„როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, პირველი რეაქცია არის პროტესტი. მეორე არის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება და რეაქციის მესამე დონე, რამდენიმე საფეხურით მაღალი სიმძიმით, არის სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის უკრაინა დატოვოს. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს“, – განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, საქართველოს ელჩს სამშაბათს დილით დაიბარებენ, რის შემდეგაც „მასთან სათანადო საუბარი ექნებათ“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სურს სააკაშვილის სიკვდილით დასჯა პირადი სიძულვილისა და შურისძიების გამო და ისინი მოქმედებენ ძველი სტალინური მეთოდით.
„თუ ისინი სააკაშვილს საშინაო პოლიტიკისთვის საფრთხედ მიიჩნევენ - მისცენ უფლება, დატოვოს საქართველო, დაე, მშვიდად იცხოვროს უკრაინაში ან მსოფლიოს სხვა ქვეყანაში და განაგრძეთ იქ ცხოვრება, რუსეთთან დაახლოება, თუ თქვენ ასე გინდათ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ბრმა, უბრალოდ სასტიკ პოლიტიკას - მის სიკვდილამდე მიყვანას“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.