ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია, აშშ-სა და ევროკავშირს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თხოვნით მიმართავს და ამ საკითხზე ვიდეომიმართვასაც ავრცელებს.
მისივე თქმით, ივანიშვილი კრემლის ინტერესების გამტარია და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში საქართველო რუსეთის სასარგებლოდ ჩაერთოს.
"დღეს განცხადება გავაკეთე ბიძინა ივანიშვილის ჩანაწერებთან დაკავშირებით. ქართველ ერს შეუძლია დარწმუნდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი როგორც ყველაზე დიდი ქართველი ოლიგარქი, რომელიც საქართველოს მთავრობის პოლიტიკას განსაზღვრავს, პრორუსი ბიზნესმენი და პოლიტიკოსია.
ის ცდილობს დამალოს ფაქტი, რომ დავალებებს კრემლიდან იღებს და შემდეგ ამას საქართველოს მთავრობას აწვდის. ზუსტად ამიტომ გვაქვს ნეგატიური ეფექტი, რომელიც საქართველოს პრორუსულ პოზიციაში, რუსეთის აგრესიული ქმედების არაღიარებასა და რუსეთისა და მისი მოქალაქეებისთვის ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში გამოიხატება.
საჯაროდ დავდე პირობა, რომ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელძღვანელობას ამ საკითხზე მივმართავდი. დღეს რამდენიმე კონგრესმენი გვყავდა, ასევე მუდმივ კონტაქტზე ვართ მათთან, რათა პერსონალური სანქციები დააწესონ ბიძინა ივანიშვილსა და მის მთელ ბიზნეს აქტივებზე, რათა თავიდან აიცილონ საქართველოს ჩართვა რუსეთის სასარგებლოდ უკრაინის წინააღმდეგ ომში.
დარწმუნებული ვარ ქართველი ერი ამას მხარს არ დაუჭერს, რადგან ქართველები უკრაინელების მოძმე ერია. ვფიქრობ რომ სწორად ვმოქმედებ. უახლოეს მომავალში შედეგებს დაველოდებით," - ამბობს არახამია.