
მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის პირველი ჯგუფის ევაკუაცია დაიწყო - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს.
მისივე თქმით, დანარჩენი ჯგუფების ევაკუაციის საკითხებზე უკრაინული მხარე გაეროს წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.
"დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია "აზოვსტალიდან". პირველი ჯგუფი დაახლოებით 100 ადამიანისგან შედგება და კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მიემართება. ხვალ მათ ზაპოროჟიეში დავხვდებით.
მადლობა ჩვენს გუნდს! ამ დროისთვის ისინი გაეროს წარმომადგენლებთან ერთად, ქარხნის ტერიტორიიდან დანარჩენი მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე მუშაობენ," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.