უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები წარმატებას აღწევენ მტერთან ბრძოლაში.
"დღეს კარგი ამბით ვიწყებ - ჩვენი სამხედროები წარმატებას აღწევენ კიევის ოლქში. უკრაინის ტერიტორიაზე კონტროლს იბრუნებენ, გაათავისუფლეს ირპენი. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ შედეგისთვის იბრძოდა. ოკუპანტებს ყრიან კიევიდანაც. ჯერ კიდევ ადრეა სრულ უსაფრთხოებაზე საუბარი, რადგან ომი ჯერ კიდევ გრძელდება.
მტერს ჯერ კიდევ კონტროლი აქვს კიევის ოლქის გარკვეულ ნაწილზე, აქვთ შესაბამისი ტექნიკაც და ცოცხალი ძალაც. ცდილობენ განადგურებული რაზმები განაახლონ, მიუხედავად იმისა, რომ მათ 90%-იანი დანაკარგი აქვთ. ეს მათთვის შეჩერების არგუმენტი არაა. მიუხედავად იმისა, რომ ასობით ტექნიკა აქვთ დაკარგული, მაინც ვერ ხვდებიან, რომ გაჩერდნენ.
ჩერნიგოვი, სუმი, ხარკოვი, დონბასი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი... ყველგან ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. ეს არის უმოწყალო ომი ჩვენი ქვეყნის, ხალხისა და შვილების წინააღმდეგ.
დღევანდელი მონაცემებით, 143 ბავშვია დაღუპული. მარიუპოლი ამ დრომდე ალყაშია. რუსებმა დღეს არცერთი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის საშუალება არ მოგვცეს, რადგან სიჩუმის რეჟიმი დაარღვიეს.
ახლა სიტუაციას გაწონასწორებულად და ჭკვიანურად უნდა შევხედოთ და წარმატებების გამო ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ. ჩვენ კიდევ გვჭირდება დრო, შეიარაღება, ბრძოლა და მოთმენა. ემოციებს არ უნდა ავყვეთ. "– განაცხადა ზელენსკიმ.