"აზოვსტალში" არსებულ ვითარებაზე, აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე BBC-ის ესაუბრა. სვიატოსლავ პალამარი ინტერვიუში აცხადებს, რომ აზოვსტალის დაბომბვა გრძელდება, ქარხნის ტერიტორიაზე ბევრი დაჭრილი სამხედროა და ისინი ყოველგვარი სამედიცინო დახმარების გარეშე არიან დარჩენილები.
პალამარი არ ადასტურებს, სრულად არიან თუ არა გაყვანილები ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეები. აზოვის პოლკის მეთაური ითხოვს "აზოვსტალიდან" სამხედროები ან მესამე ქვეყნის ან უკრაინის ტერიტორიაზე გაიყვანონ.
"ამჟამად ინტენსიური დაბომბვებია, ძალიან რთული სიტუაციაა, ცეცხლი არ შეწყვეტილა. რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს დაჭრილების ევაკუაცია, ქირურგიული ინსტრუმენტები აღარ გვაქვს. არ არსებობს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის შესაძლებლობა. დაღუპულთა რაოდენობას არ ვაცხადებ, დამიჯერეთ, საუბარია ასობით უკრაინელ სამხედროზე. 600-მდე ადამიანი დაშავებულია, მაგრამ ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ისევე როგორც დაღუპულთა რიცხვი.
ჩვენ პირველი მარტიდან ვყვირით არსებულ გარემოზე, ყველაზე ცინიკური ისაა, რომ გვაძლევენ დაპირებებს: "ბიჭებო, მოიცადეთ მარტის შუა რიცხვებამდე და მერე იქნება დახმარება" და არაფერი. "მოითმინეთ აპრილამდე - და ყველაფერი კარგად იქნება" და ბოლოს, არაფერი. ამის შემდეგ გამაოცა ჩვენი პოლიტიკოსების ცინიზმმა, რომლებმაც თქვეს, რომ ყველაფერი წარმატებული იყო. ასობით მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანეს, მაგრამ უკრაინელ სამხედროებზე სიტყვაც არ უთქვამთ, რომ ისინი დაიღუპნენ. არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ მოსულა "აზოვსტალის" ტერიტორიაზე, არც ერთი პოლიტიკოსი არ შემოსულა იმის გასაგებად, თუ რა ხდება.
"აზოვსტალის" ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკა არ შემოსულა დემონტაჟისთვის, გასანაღმად და ა.შ. ეს ყველაფერი კეთდება უკრაინელი სამხედროების ხელით საშინელი, ძლიერი ცეცხლის ქვეშ, აუფეთქებელი ჭურვების, კასეტური ბომბების, ნაღმების ქვეშ. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია რომ დასრულებულია ამის თქმა მხოლოდ მაშინ, შეიძლება, როდესაც აქ ვინმე ნამდვილად მოვა მოქმედებებით და არა სიტყვებით რომ გააკეთოს ის, რასაც აკეთებენ უკრაინელი სამხედროები,"-აცხადებს აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი.