უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა დაესწროს ინდონეზიაში G20-ის შემოდგომის სამიტს, თუ მას ვლადიმერ პუტინიც დაესწრება - ამის შესახებ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე უნდა იყოს და სამიტებში მონაწილეობა ონლაინ ფორმატში მიიღოს, თუმცა, თუ პუტინი სამიტზე ჩავა, უკრაინის დელეგაციას მოუწევს განიხილოს ზელენსკის ინდონეზიაში წასვლის აუცილებლობა.
მისივე თქმით, პუტინის მიწვევა და დასწრება ნებისმიერ სამიტზე, ნიშნავს, რომ ორგანიზატორები აკანონებენ რუსეთის პოზიციას, რომელიც თავს დაესხა სხვა სახელმწიფოს.
შეგახსენებთ, აპრილის ბოლოს, ინდონეზიის პრეზიდენტმა უკრაინა G20-ის სამიტზე მიიწვია. სამიტი ნოემბერში გაიმართება და უკრაინა იქ აშშ-მ და სხვა მოკავშირეებმაც მიიწვიეს.