ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და მას ხალხის გადასარჩენად რუსეთისკენ მიბრუნება ურჩია.
კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტს შეთავაზებაც გაუკეთა და აღნიშნა, ის მზად არის მიმართოს პუტინს, რომ უკრაინის პრეზიდენტს თავშესაფარი სწორედ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მისცეს. ასევე ურჩია მოუსმინოს იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც მას მეზობელი ქვეყნების ხელისუფლება აძლევს.
„თუ არ გსურს ისტორიაში შეხვიდე პრეზიდენტად, რომელიც სუსტი ხასიათისა და შორსმჭვრეტელობის უუნარობის გამო, ვერ გაუმკლავდა შიდა საფრთხეებსა და გარე წამქეზებლებს, ქვეყნის პრობლემებსა და დასავლურ იდეოლოგიას, უნდა დახვრიტო ასეთი სახელმწიფოს მოღალატე მრჩევლები. უფლება არ მისცე ჩაგინერგონ არაპერსპექტიული იდეები - ჩართე საღი გონება. მიტრიალდი რუსეთისკენ და ისტორიაში შეხვალ მშვიდობისმყოფელად, რომელმაც საკუთარი ხალხი გადაარჩინა“,- განაცხადა კადიროვმა თავის მიმართვაში.
ამასთანავე, ჩეჩნეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ის ისეთ მრჩევლებს, რომლებმაც ზელენსკის უკრაინიდან გაქცევა ურჩიეს, მტერსაც არ უსურვებს.
„გეტყობა, რომ მთელი ეს ვითარება შენთვის გაუგებარია, ამიტომ დათანხმდი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყველა შეთავაზებას და ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტე ეს საკითხი მშვიდობიანი გზით. ვლადიმერ პუტინის პირობები ორმხრივად მომგებიანი და პროდუქტიულია. მიაქციე ყურადღება იმას, რომ ჩვენი ლიდერი ყოველთვის მხარს უჭერს ქვეყნებს, რომლებიც გახდნენ დასავლეთის ბინძური პოლიტიკის მსხვერპლი და აქცევს მათ სტრატეგიულ პარტნიორებად. ის მხარს დაუჭერს უკრაინასაც“,- განაცხადა კადიროვმა.