რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში რაც ხდება, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ტრაგედიაა, მაგრამ რუსეთს არჩევანი არ ჰქონდა. – ამის შესახებ მან კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პუტინის თქმით, ერთადერთი კითხვა არსებობდა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დაიწყებოდა შეიარაღებული დაპირისპირება.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება დაშორდა სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებებს და მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, აშშ მზად არის, „იომოს რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდე“.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდებისთვის, ბელარუსის პლატფორმა შესაფერისია.
„მითხრეს, რომ წუხელ უკრაინულმა მხარემ ისევ რაღაც შეცვალა. მე არ ვიცი ამ ცვლილებების შესახებ. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებების გარკვეულ დონეს სტამბოლში, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინული მხარე კი თავისთვის აცხადებს უსაფრთხოების ძალიან მკაცრ გარანტიებს, არ ვრცელდება ყირიმის, სევასტოპოლისა და დონბასის ტერიტორიაზე. ამას მოჰყვა ჩვენი ქმედებები სახელშეკრულებო პროცესის გაგრძელების პირობების შესაქმნელად. სამაგიეროდ, ბუჩაში პროვოკაციას წავაწყდით და რაც მთავარია, უკრაინულმა მხარემ სტამბოლში დადებული შეთანხმებები დატოვა. ახლა უსაფრთხოების მოთხოვნები ერთია და ყირიმზე, სევასტოპოლსა და დონბასზე ურთიერთობების მოწესრიგების საკითხები ამ შეთანხმებების ფარგლებიდან არის ამოღებული. ისინი ისევ დაბრუნდნენ საკუთარი თავისთვის და ჩვენთვის ყველასთვის ჩიხურ მდგომარეობაში“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინმა თქმით, მას ლუკაშენკომ ბუჩაში მომხდარი "პროვოკაციის" დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა და აღნიშნა, რომ ამ ქალაქში "სიტუაცია ყალბია". პუტინის თქმით, მსგავსი "პროვოკაციები" სირიაშიც განხორციელდა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.