უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩს ნოტა გადასცა ბოსფორის სრუტეში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხომალდ Sparta II-ის გავლასთან დაკავშირებით, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, სირიიდან რუსეთში „ეს-300“-ის სარაკეტო სისტემები გადაჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრანული მედია უკრაინის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, 29 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი იაგმურ აჰმეთ გიულდერე მიიწვიეს, რომელსაც მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაი ტოჩიცკიმ ვერბალური ნოტა გადასცა. ტოჩიცკიმ აღნიშნა, რომ 1936 წლის 20 ივლისის სრუტეების რეჟიმის შესახებ კონვენციის თანახმად, აღნიშნულ ხომალდზე ვრცელდება სამხედრო გემის განსაზღვრება კონვენციის მიზნებისთვის. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თურქულ მხარეს მიმართა თხოვნით, წარმოადგინოს ოფიციალური ინფორმაცია ტვირთის შესახებ, რომელიც ხომალდმა Sparta II ბოსფორის სრუტის გავლით გადაიტანა, ასევე იმ ზომების შესახებ, რომლებსაც თურქეთმა მიმართა კონვენციის დებულებების შესასრულებლად და რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
ტოჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე დაიცავს 28 თებერვლის გადაწყვეტილებას რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსული სამხედრო გემებისთვის შავი ზღვის სრუტეების დახურვის შესახებ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თურქეთის მხარდაჭერის თანმიმდევრული პოზიციის შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ Naval News-ის დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტების ინფორმაციით, რუსეთმა შესაძლოა, სირიაში არსებული თავისი ბაზებიდან „ეს-300“-ის სარაკეტო კომპლექსები ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში გადაიტანა. არსებული ცნობებით, ხომალდი ტარტუსის პორტიდან 20 აგვისტოს გავიდა, ბოსფორის სრუტე 24-25 აგვისტოს ღამით გადაკვეთა და 27 აგვისტოს ნოვოროსიისკში ჩავიდა.
უკრაინული მედიის ცნობით, Sparta II კომპანია „ობორონლოგისტიკას“ ეკუთვნის, რომელსაც აშშ-მა მაისში სანქციები დაუწესა და რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს.