ახლა, ისევე როგორც ადრე, ყველაზე მეტად ბახმუტსა და სოლედარში ცხელა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მებრძოლების დასახმარებლად ყველაფერი კეთდება.
“დონეცკის ოლქში - ბახმუტი, სოლედარი - ახლა, ისევე როგორც ადრე, ყველაზე ცხელია, ყველაზე მტკივნეულია. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ამ მიმართულებით ჩვენს ბიჭებს დავეხმაროთ. ჩვენს გმირებს, რომლებსაც მანდ დაცვა უკავიათ. ყველა, ვინც მანდაა, უდიდეს დაფასებას იმსახურებს”, - თქვა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა ჩოპის მესაზღვრეთა რაზმს, რომლებიც ბახმუტის მიმართულებით იბრძვიან და დღეს ოკუპანტების თვითმფრინავი ჩამოაგდეს.