აშშ უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
ენტონი ბლინკენის ცნობით, უკრაინის თავდაცვისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გამოყოფა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან მოხდება. უკრაინისთვის გამოყოფილი ახალი შეიარაღება მოიცავს HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს და 155-მილიმეტრიან საარტილერიო სისტემებს, რომლებსაც, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „უკრაინის ძალები ასე ეფექტიანად იყენებენ ბრძოლის ველზე თავიანთი ქვეყნის დასაცავად“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, 2021 წლის აგვისტოს შემდეგ ეს უკრაინისთვის გამოყოფილი იარაღის მე-17 პარტიაა. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებიდან, უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 8,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.
„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შეირყევა. ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინასთან“, – აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.