უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ მორიგი ტრადიციული ვიდეომიმართვისას, ეროვნული უსაფრთხოების წევრებისადმი მილოცვით დაიწყო და მათ, დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
"ძვირფასო უკრაინელებო, მინდა ეს მიმართვა, პირადად ჩემი და უკრაინელი ხალხის სახელით უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წევრებისთვის მისალოცი სიტყვებით დავიწყო. ზუსტად 30 წლის წინ, უკრაინაში ეროვნული უსაფრთხოების სამსახური დაარსდა.
ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს ამ წლების განმავლობაში არც თუ ისე მარტივი გზის გავლა მოუწია, მაგრამ 8-წლიანი ომის ბოლო 1 თვეში, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ძალიან ბევრმა თანამშრომელმა გვაჩვენა თავისი გმირობა, პრინციპულობა და სიმამაცე და ის, თუ როგორ შეუძლიათ მიაყენონ მტერს ზარალი, რომელსაც ოკუპანტი არ ელოდა.
მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ჯარისკაცის და თანამშრომლის, რომელიც 30 დღის განმავლობაში მედგრად იდგა და თავის სამშობლოს რუსი აგრესორისგან იცავდა. გილოცავთ დღესასწაულს და მინდა ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჩვენ გვახსოვს თქვენი ის თანამშრომლები, რომლებიც სამწუხაროდ ამ ომმა იმსხვერპლა.
ამ ერთი თვის განმავლობაში, საომარი მოქმედებების დროს, გმირის წოდება ეროვნული უსაფრთოების სამსახურის 77 თანამშრომელს მიენიჭა. მათგან ორი, სამწუხაროდ, დაიღუპა. გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანები სამუდამოდ ჩვენს მეხსიერებაში იქნებიან.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენმა ჯარისკაცებმა მტერს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. ამბობენ, რომ სადღაც დაიკარგა რუსეთის თავდაცვის მინისტრი. შესაძლებელია, მან უკრაინაში ჩერნობაევკა პირადად მოინახულა. მადლობელი ვარ ჩვენი ჯარისკაცების, რომლებმაც მტერს აჩვენეს, რომ ზღვა მშვიდ ამინდშიც არ არის უსაფრთხო." – ზელენსკი.