უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა საკუთარ ვიდეომიმართვაში, რომელშიც ომში უკრაინის პოზიციებზე ლაპარაკობდა, მოიყვანა ციტატა ქართველი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოებიდან "დათა თუთაშხია".
"ძვირფასო მეგობრებო, პრობლემა უნდა მიიღო. ამიტომ მიწევს, მოგმართოთ და გითხრათ, თუ რა როგორ უნდა იყოს. იყო ქართული ეპოსის ასეთი ცნობილი ლიტერატურული გმირი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა დაწყევლილ ცარიზმს. მას დათა თუთაშხიას ეძახდნენ, თავის დროზე, ძველ კარგ დროს, კარგი სერიალიც იყო...
დათა თუთაშხიას ჰქონდა კონსპირაციული წესი. ის ჟღერდა ასე: თუ დაგინიშნეს შეხვედრა, მიდი ან ერთი დღით ადრე, ან ერთი დღით გვიან. ერთი დღით გვიან, ყოველთვის დარჩები ცოცხალი. ზუსტად ეს წესი უნდა გამოვიყენოთ ჩვენს პოზიციებთან თუ რუსების მიერ ჩვენი ქალაქებისა თუ პოზიციების დაბომბვის შედეგებთან დაკავშირებით. მესმის, რომ ყველას უნდა გადაიღოს ფოტო და თქვას, - ნახეთ, დაეცა, აფეთქდა, ღმერთო, რა საშინელებაა, მაგრამ ამით მოწინააღმდეგეს საქმეს უმარტივებთ", - განაცხადა არესტოვიჩმა.