მინდა მოძმე უკრაინელები გავაფრთხილო, რომ რაღაც გამარჯვების ეიფორია იგრძნობა იმ ადამიანებში, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომს აფასებენ, როდესაც საუბარია იმის შესახებ, რომ რუსეთს კიევიდან საჯარისო ნაწილები გაჰყავს, - ამის შესახებ რადიო მაესტროს ექსკლუზიურ ინტერვიუში დევნილობაში მყოფმა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ახმედ ზაკაევმა განუცხადა.
"ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის სუფთა ტაქტიკური ნაბიჯი. პუტინი არ გეგმავს ომის გაჩერებას, თუ რატომ ეს საუბრის დასაწყისში გითხარით. ამის პარალელურად ის რომ, სტამბულში გრძელდება მოლაპარაკებები, ესეც თავის მხრივ პუტინის თამაშია და ამით მიმდინარე ომის გადაფარვის მცდელობაა. არ მინდა დამაბრალონ ის, რომ მე ვინმეს მოვუწოდებ ომის გაგრძელებისკენ და ამით მსხვერპლი გაგრძელების მომხრე ვარ, არავითარ შემთხვევაში. არა, მე ეს არ მინდა, მე მესმის, რომ ცხელი სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობისას მოლაპარაკებები შეიძლება იყოს გამოყენებული ომის შეჩერების, ერთ-ერთ ინსტრუმენტად, მაგრამ პუტინი ამას თავისთვის იყენებს. პირველი მოთხოვნა ამ მოლაპარაკებების დროს უნდა იყოს დაუყონებლივ ცეცხლის შეწყვეტა. გაუგებარია, მოლაპარაკებების გაგრძელების არსი მაშინ როდესაც მოლაპარაკებების პარალელურად კრემლი ანადგურებს ქალაქებს, ხოცავს ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს . ვინ აგრძელებს ასეთ ადამიანებთან მოლაპარაკებებს?! ვნახეთ რაც გააკეთეს ბუჩაში, ეს არის სადიზმი. ამ ფაშიზმის ფონზე, ჩემთვის გაუგებარია, მოლაპარაკებების გაგრძელება ან საერთოდ საუბარი იმაზე, რომ მოლაპარაკებები გრძელდება. ეს არ არის მოლაპარაკებები, ეს მორიგი პუტინის ოპერაციაა. ამით პუტინი ცდილობს მსოფლიოს წინაშე პოლიტიკოსად წარმოჩინდეს, სინამდვილეში უკრაინას ანადგურებს როგორც სახელმწიფოს. ეს მოლაპარაკებები მხოლოდ ერთი მიზნისთვის სჭირდება, რაღაც იმიჯის შესანარჩუნებლად. გაეროს სხდომას ვუსმენდი და ისმოდა განცხადებები, რომ მხარს უჭერენ ამ მოლაპარაკებების პროცესს. ჩნდება კითხვა, რა პროცესს უჭერენ მხარს? ბუჩას პროცესს? თურქეთსაც ეს პროცესი სათავისოდ სჭირდება და მისთვის მომგებიანია, როგორც ნეიტრალური ქვეყანის სტატუსის შენარჩუნება, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში შუამავლად გამოდის, ამით მან სანქციების საკითხისგან თავი გაითავისუფლა, მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და ეკონომიკურ ურთიერთობებს ინარჩუნებს. რუსეთს, თურქეთს ეს პროცესი სჭირდება, უბრალოდ არ მესმის, უკრაინას რისთვის სჭირდება ეს?", - აცხადებს რადიო მაესტროსთან ინტერვიუში ახმედ ზაკაევი.
ვრცლად ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ აქ: