უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრისას განმარტა დეტალები იმ გეგმის შესახებ, თუ როგორ აპირებს უკრაინა საომარი მოქმედებების დროს იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებას და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას.
"ხშირად, მსგავს დღეებში ვამბობდით, რომ გაზაფხული მოვიდა, ახლა კი ვამბობთ, რომ ომი მოვიდა. თუმცა ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ! იმიტომ რომ ჩვენ თავისუფალი უკრაინის თავისუფალი ერი ვართ!
ამ დღეებში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მესაზღვრეები გადაამზადოს. ისინი ჩვენი ჯარისთვის შეიარაღებას იმდენად სწრაფად შემოიტანენ, რამდენის უფლებასაც ფიზიკის კანონი მოგვცემს. ვაუქმებთ ყველანაირ გადასახადს, ყველანაირ ბიუროკრატიას, ყველანაირ დოკუმენტს, რომელიც ტვირთის შემოტანასთანაა დაკაშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა სწრაფად იმოქმედონ.
პარლამენტის სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი და შესაბამისი კომიტეტი მუშაობს ამ საკითხზე, რომ ამ ინოვაციას მხარი დაუჭირონ. ვაცხადებ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს საომარი მდგომარეობის დროს ნორმალური ცხოვრების შენარჩუნებაში დაგვეხმარება. მინდა თითოეულ დეპუტატს ვთხოვო, მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, რადგან ეს არ არის არც ოპოზიციისთვის, არც მთავრობისთვის, ეს არის ქვეყნისთვის. პიარი ომში გამარჯვების შემდეგი პერიოდისთვის გადავდოთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საომარი მოქმედებების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი უკრაინელების დახმარებას ეხება. შესაბამის კომიტეტს მოვუწოდე, შეიმუშაონ მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც მათ დაეხმარება. უკვე გვაქვს ამ პროგრამის მონახაზი, რომელიც ფინანსურ მხარეს უკავშირდება. ასევე, სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა ადამიანების, რომლებიც დროებით სხვაგან იმყოფებიან. ეს კეთდება იმისთვის, რომ თითოეულ ზრდასრულსა და ბავშვს ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალება ჰქონდეს.
მესამე კომპონენტი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეხება იმ ადამიანებს, ვინც საომარი მოქმედებების ზონიდან გამოსული მოსახლეობა შეიფარა. მათ ყველა სახის კომუნალური გადასახადი გაუუქმდებათ მანამ, სანამ ეს ადამიანები მათთან იცხოვრებენ.
ჩვენი პრემიერმინისტრი დენის შმიგალი უახლოეს საათებში ამ პროგრამების შინაარსს გაასაჯაროებს.
შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარებას კურირებს. ეს საკითხები შეეხება უკრაინაში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე მათ, ვინც ქვეყანა 24 თებერვლის შემდეგ, საომარი მოქმედებების გამო დატოვეს... " – განაცხადა ზელენსკიმ.