უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა ესპანელ დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა, აღნიშნა, რომ მსოფლიომ მეტი უნდა გააკეთოს.
„მადლიერი ვარ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერის, მაგრამ ჩვენ, ყველამ ევროპაში, მსოფლიოში უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთმაც დაიწყოს მშვიდობის ძიება; რომ რუსეთმა დაიწყოს საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. რა არის ამისთვის საჭირო? ყველამ ევროპაში უბრალოდ, უნდა შეწყვიტოს რუსეთის შიში. შეწყვიტონ, იყვნენ სუსტები. უნდა გახდნენ ძლიერები. დააყენონ ღირებულებები და დემოკრატია მაღლა, იმ საფრთხეებზე მაღლა, რასაც რუსეთი ავრცელებს.
რუსეთი ჩვენს მიწაზე საომრად არც გუშინ და არც გუშინწინ მოსულა. ჩვენ საშინელი აგრესიისგან თავს 2014 წლიდან ვიცავთ. ჯერ ჩვენი ყირიმის ოკუპაცია, შემდეგ ომი დონბასში, ახლა სრულმასშტაბიანი შემოჭრის 41-ე დღეა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე საშინელი ომისა ევროპაში. რუსული სახელმწიფო მოდელი არ ითვალისწინებს იმას, რაც ბუნებრივია ჩვენთვის. რუსეთს სურს, ისე გააკეთოს, რომ ჩვენს რეგიონში მხოლოდ ერთი წესრიგი იყოს დომინანტი – ტირანია; რომ ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობა განადგურდეს; რომ შეუძლებელი გახდეს საერთო ენის გამონახვა. ზუსტად ასეა ახლა რუსეთში. ზუსტად ასე უნდა მას უკრაინაში მოქცევა, შემდეგ კი, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. რა იქნება შემდეგ? ვიცი, რომ თქვენთვის, ესპანეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული სისტემა დაცული იყოს; რომ ევროპის კონტინენტზე მშვიდობა გარანტირებული იყოს.
უბრალოდ, წარმოიდგინეთ – უკრაინაში დედები ბავშვებს ზურგზე აწერენ ახლობლების ტელეფონის ნომრებს. რატომ? იმიტომ, რომ ოკუპანტები ბავშვებს მშობლებს თუ მოუკლავენ, მათ პატარა შანსი მაინც დარჩეთ, რომ ბავშვებს ვინმე მოუვლის. წარმოიდგინეთ, რომ ახლა ევროპაში ხალხი ცხოვრობს სარდაფებში იმისთვის, რომ გადარჩნენ. 2022 წელია, აპრილი – უკრაინაში კი ისეთი რეალობაა, როგორიც 1937 წელს იყო.
ჩვენ ნამდვილად გვჭირდება უფრო ძლიერი სანქციები, ყველაზე ძლიერი. როგორ შეიძლება, რუსულ ბანკებს მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიმუშაონ შემოსავალი მაშინ, როცა უკრაინის ქალაქებში რუსი სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებენ; როგორ შეუძლიათ, ევროპულ კომპანიებს ივაჭრონ სახელმწიფოსთან, რომელიც შეგნებულად ანადგურებს ჩვენს ერს?“ – განაცხადა ზელენსკიმ.