20 დღეში უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 27 გემმა დატოვა, 18 კი შევიდა. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ.
სამინისტროს ცნობით, უკრაინული პორტები პირველი აგვისტოდან მოყოლებული 27-მა სატვირთო გემმა დატოვა, რომლებიც 670 ათასი ტონა აგროპროდუქციით იყო დატვირთული.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ქვეყნის პორტებში დასატვირთად 18 გემი შევიდა და ასევე განიხილება 40-მდე გემის განაცხადი.
„უკრაინა იცავს თავის ვალდებულებებს მსოფლიოს წინაშე გლობალური შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობა მოკავშირეებს შავ ზღვაში უსაფრთხოების გარანტიების განხორციელებისთვის“, – აცხადებენ სამინისტროში.