პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა თემატური მოკვლევა მოამზადა, რომელიც კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგიასა და მის ეკონომიკურ შედეგებს ეხება.
ავტორების თანახმად, თემატური მოკვლევის მიზანი პანდემიის შემდგომ ტურიზმის აღდგენის გეგმის მხარდაჭერაა. თემატური მოკვლევის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები შემდეგია:
-კოვიდ-უსაფრთხო სერტიფიცირება და ვაქცინაციის კამპანია სტუმარმასპინძლობის ბიზნესში;
-საჰაერო მიმოსვლის ხელშეწყობა - ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოყვანა, ისევე როგორც რეგულარული ფრენების აღდგენა;
-სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება, როგორც მთის კურორტების პრიორიტეტული მიმართულება;
-კერძო სექტორისთვის და მარკეტინგული კამპანიებისთვის გრანტების მოზიდვა;
-ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ფონდების მოძიება/ბორდის შექმნა მარკეტინგული ღონისძიებების მხარდასაჭერად;
-მაღალმხარჯველუნარიანი - გასტრონომიული (2022 გასტრონომიული წელი), აგრო, ეთნო, ღვინის, სათხილამურო, გამაჯანსაღებელი და ბალნეოლოგიური ტურიზმის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა.
ამას გარდა, დოკუმენტში მითითებულია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი გამოჩენილი ადამიანების ჩართვა მარკეტინგულ კამპანიებში. სხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში ასევე ნახსენებია ონლაინ კამპანიები საერთაშორისო წამყვან პლატფორმებზე, რომლებსაც დიდი აუდიტორია ჰყავთ. კერძოდ, Tripadvisor, National Geographic, Lonely Planet, CNN; BBC; Conde Nast traveler (CNT); Wanderlust და ა.შ. აღნიშნულ პლათფორმებზე სარეკლამო (სტატია; ფოტო; ვიდეო მასალების, სიუჟეტების; გადაცემებში ინტეგრირება) ინფორმაციის განთავსება. ამასთან, მიზნობრივი ქვეყნებიდან წამყვანი ჟურნალისტების, ბლოგერების, ინფლუენსერების ჩამოყვანა ქვეყანაში.
მოკვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საჭიროა კერძო სექტორზე მორგებული ტურიზმის სტატისტიკის საიტის შექმნაც. რაც შეეხება ავიაციას, დოკუმენტის თანახმად, “ღია ცის’’ პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. კერძოდ, გააქტიურდეს ძალისხმევა ქართულ ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების მოზიდვისა და პირდაპირი ავიამიმართულებების რაოდენობის გაზრდის მიზნით.
ცნობისთვის, 2019 წელს, საქართველომ ტურიზმიდან 3.2 მლრდ აშშ დოლარი მიიღო, იმავე წელს ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) 8.4% შეადგინა. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 81.3%-ით, 9.3 მლნ მოგზაურიდან 1.7 მლნ მოგზაურამდე შემცირდა.