ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელის, „პრო-თრეველ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორის მაია სიდამონიძის თქმით, ტურისტული სეზონის გადარჩენა შესაძლებელი იქნება, თუ ეს პროცესი იქნება მართვადი და დაგეგმილი, კონკრეტული ხედვის და სტრატეგიის მიხედვით.
როგორც სიდამონიძემ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა, დღეს ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ გაიხსნა ცა და ფრენები, მაგრამ ბევრი ტურისტი, რომელიც რეკავს საქართველოში ჯავშნებისთვის და ტურებისთვის, არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, რომ მათ მივაწოდოთ.
“მაგალითად რა მოხდება, თუ მესამე ტალღა უფრო აქტიურ ფაზაში შევა, ჩაიკეტება თუ არა ფრენები და ა. შ. ამის შესახებ ინფორმაციას ვერ ვაწვდით ტურისტებს. გასაგებია, რომ ეპიდსიტუაცია მძიმეა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტად ადრე გვჭირდება ინფორმაცია, რომ დავგეგმოთ. მაგალითად თუ გართულდა სიტუაცია რა კონკრეტული შეზღუდვები შევა, იმისათვის, რომ ჩვენ დავგეგმოთ ჩენი ფინანსური აქტივობები და მივაწოდოთ ინფორმაცია ჩამომსვლელებს. ჩვენს სასტუმროში არის ჯავშნები მაისის და ივნისის თვეში, თუმცა ჩამომსვლელები მუდმივად რეკავენ, რათა დააზუსტონ ინფორმაცია იგივე კომენდანტის საათზე და შეზღუდვებზე”, - განაცხადა სიდამონიძემ.
მისივე თქმით, მცირე ბიზნესისთვის მესამე და მეოთხე ჩაკეტვა ფატალურია შედეგის მომტანი იქნება.
“მომსახურების სფერო და მთლიანად ტურიზმის ინდუსტრია დიდი საფრთხის წინაშე დგას როგორც ბიზნესი. ვიცით, რა მდგომარეობა იყო სამთო-სათხილამურო კურორტების მიმართულებით. იგივე ემუქრება ზაფხულის ტურისტულ სეზონსაც. ვინაიდან, ეს სფერო მხოლოდ შოდა ტურიზმით ვერ გადარჩება, რადგან ადგილობრივი ტურისტის მხარჯველუნარიანობა არის დაბალი, ადამიანები მაქსიმალურად იკავებენ თავს რესტორნებში თუ შიდა ტურებში სიარულისგან. შეხედეთ, რა მდგომარეობაშა ლარი?! ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა, ხალხს შეუმცირდათ შემოსავალი, შესაბამისად ადამიანები თავს იკავებენ ზედმეტი ხარჯისგან”, - განმარტა მაია სიდამონიძემ.
მაია სიდამონიძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ტურების მოსაზიდად მხოლოდ ფრენების გახსნა არასაკმარისია.
“ჩვენ, თურქეთი გვყავს მეზობლად, ანტალია უკვე ემზადება ტურისტების მიღებისთვის, მათ უმკაცრესი რეგულაციები აქვთ და ამ რეგულაციების შესახებ პოტენციურ ტურისტებს ინფორმაციას აწვდიან.
ჩვენ შემთხვევაში ერთის მხრივ არის რეგულაციები, მეორეს მხრივ ეს რეგულაციები არ კონტროლდება, ქუჩაში ადამიანების გაჩერება და დაჯარიმება - ეს არ არის კონტროლი. ჩვენ ვიცით, რომ პრივილეგირებული ბიზნეს ობიექტები ჩუმად ოპერირებენ ყველანაირი რეგულაციების დარღვევით. გამომდინარე აქედან, ვფიქრობთ, რომ ან სახელმწიფოს არ აქვს ნება, ან რესურსი იმისთვის რომ აკონტროლოს, რამდენად მკაცრად იცავს საზოგადოება და ბიზნესი კოვიდრეგულაციებს. ამიტომ იყო თავიდანვე სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აუცილებელი, რათა ბიზნესზე, ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული წნეხი, გარკვეულწილად შეგვემსუბუქებინა”, - განუცხადა სიდამონიძემ BUSINESS TIME-ს.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ბევრი მოულოდნელობით სავსეა ეპიდვითარება, მაგრამ სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა გეგმები იმის მიხედვით თუ როგორ განვითარდებოდა სიტუაცია.
“ჩვენ ეს გეგმა და სტრატეგია არ გვაქვს, ეს კი ყველაზე მეტად ჩანს, როდესაც სპონტანურ შეზღუდვებზე კომუნიკაცია ბიზნესთან ხდება ერთი დღით ადრე. ან მედიით ვიგებთ რომ უნდა დავიხუროთ.
კომენდანტი საათის პირობებში რეალურად აქ ჩამოსულ ტურისტს ფულსაც ვერ ვახარჯვინებთ, იმიტომ რომ 20:00 საათის მერე ვერ გაავა ვერსად. ეს საკითხი ბევრისთვის კითხვით ნიშნის ქვეშ დგას, საერთოდ რატომ არსებობს, იმიტომ რომ ეკონომიკისთვის დიდი ზარალის მომტანია. ბევრი ტურისტი ზუსტად ამ მიზეზით აუქმებს ჯავშნებს. ინტერესი არის მათი მხრიდან რეკავენ, უბრალოდ პრობლემა არის ის რომ ჩვენ ვერაფერს ვერ ვთავაზობთ”, - აღნიშნა სიდამონიძემ.
მაია სიდამონიძე თვლის, რომ ერთადერთი გამოსავალი არის, შეადგინონ კონკრეტული გეგმა, რომ კომუნოკაცია დროზე მოხდეს კერძო სექტორთან, ეს გეგმა კი არ უნდა იყოს ისეთი რადიკალური შეზღუდვებით გაჟღენთილი, როგორიც იყო წინა ტალღების დროს და აქცენტი უნდა გაკეთდეს რეგულაციების დაცვაზე და არა ჩაკეტვაზე.
“ქვეყანა იზოლაციის პირობებში დიდი ხანი ვერ იარსებებს. პირიქით, უნდა გაიხსნას სასტუმროები, მარნები, მუზეუმები და ა. შ. მაგრამ, შიდა მკაცრი რეგულაციებით და თუ ვინმე დაარღვევს დაჯარიმდეს, მაგრამ არა შერჩევითად, როგორც ხდებოდა აქამდე. რესტორნები ყველაზე კედთილსინდსიერი ობიექტებია რეგულაციების დაცვის მხრივ. სამედიცინო დაწესებულებებში უბრო მეტად ვგრძნობ საფრთეს, ვიდრე რესტორნებში, იქედან გამომდინარე, რომ რეგულაციები ბევრად უფრო ნაკლებად არის დაცული ხალხის რაოდენობის და დისტანციის დაცვის კუთხით. ამიტომ, რესტორნების დადანაშაულება ვირუსის გავრცელებაში, ცოტა არასერიოზულია! - ამბობს მაია სიდამონიძე.