ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებთან პროგრამის ახალი ინიციატივის, ტურიზმის მხარდაჭერის ფონდის (Matching Fund) დაარსება განიხილა, რომელიც საქართველოში ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი კომპანიების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
ტურიზმის მხარდაჭერის ფონდი საშუალებას მისცემს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram) და ონლაინ სარეკლამო პლატფორმაზე (Google ads) გაზარდონ საკუთარი ბიზნესის შესახებ ცნობადობა. ინიციატივის ფარგლებში შერჩეული კომპანიები საკუთარი სარეკლამო კამპანიებისთვის მათ მიერ გამოყოფილი თანხის ზუსტად იგივე რაოდენობას მიიღებენ დამატებით ტურიზმის მხარდაჭერის ფონდის მიერ.
ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფონდის ოპერირების სამიზნე სექტორებია: მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები, საოჯახო ტიპის სასტუმროები, რესტორნები და რეგიონში მდებარე მცირე და საშუალო მეღვინეობები.
"ფონდი დაეხმარება 100-ზე მეტ მცირე სასტუმროს რომ გაიზარდოს მათი ცნობადობა, ინფორმაცია ამ სასტუმროების შესახებ გავიდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ და სრულიად მსოფლიომ შეიტყოს რომ საქართველოში პანდემიის მიუხედავად ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა ტურისტული ინდუსტრია. მცირე სასტუმროები სწორედ ამ პროგრამის დამხარებით შეძლებენ თავიანთი ხმა მიაწვდინონ ყველა პოტენციურ საერთაშორისო ვიზიტორს", - განაცხადა თურნავამ.
"ძალიან მიხარია, რომ ქალბატონ მინისტრთან ერთად გაიმართა შეხვერდა, რომლის დროსაც ვისაუბრეთ ახალი ინიციატივის - ტურიზმის მხარდაჭერის ფონდის დაარსების შესახებ. ეს არის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და წამყვანი საერთაშორისო ტურისტულ კომპანია „სტელერთან“ ერთად ხორციელდება. ინიციატივა ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის მნიშვნელოვან გაძლიერებას საქართველოში.
ამ ეტაპზე დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ 100-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს ტურიზმის სექტორიდან, რაც შესაბამისად ქვეყანაში გაზრდის და გააძლიერებს ეკონომიკას.
ჩვენთვის მთავარია, რომ ტურიზმის სექტორმა ხელი შეუწყოს ეკონომიკის უფრო მეტად გაძლიერებას და სწორედ ამას ეფუძნება ამ ინიციატივის წამოწყება.
არსებობს სამი მთავარი მიზეზი, რის გამოც ვიწყებთ ამ პროგრამას - 1. თანადაფინანსება მთავრობასთან ერთად. ჩვენ ერთობლივად ვცდილობთ მსგავსი პროექტები განვახორციელოთ. 2. კერძო სექტორთან პარტნიორობა. ჩვენ ორიენტირებული ვართ კერძო სექტორთან პარტნიორობაზე. 3. დასაქმებისა და სამუშაო ადგილების შექმნა. რა თქმა უნდა, კოვიდ-პანდემიის შემდეგ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და სწორედ ამიტომ ძალიან გვიხარია, რომ ეს პროექტი არის წინ გადადგმული ერთი ნაბიჯი", - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვებლერმა.