jan-medi
ავერსი შნაიდერი

 თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანსა და კახა გულედანთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) გენერალურ დირექტორს, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესს და აქტივების მართვის დირექტორს, გიგა ნადირაძეს დედაქალაქის მერიაში შეხვდა.

შეხვედრაზე სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად თბილისში შექმნილ წყალმომარაგების პრობლემებსა და მათი ინტენსიურ რეჟიმში მოგვარების გეგმაზე ისაუბრეს.

თბილისის მერმა კომპანიის წარმომადგენლებს სთხოვა, მოსახლეობასთან კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში ჰქონდეთ და საზოგადოებას დაზიანების აღდგენის, ასევე, წყალმომარაგების პროცესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.

„მნიშვნელოვანია, დედაქალაქში სწრაფად აღდგეს წყალმომარაგება, იქამდე კი მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია წყლის მიწოდების გრაფიკზე. მუნიციპალიტეტი მზადაა, დავეხმაროთ GWP-ის, ტექნიკა იქნება თუ სხვა რამ, რათა თბილისის მოსახლეობას რაც შეიძლება სწრაფად აღუდგეს წყლის მიწოდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

GWP-ის წარმომადგენლებმა დედაქალაქის მერს დეტალური ინფორმაცია მოაწოდეს თბილისში შექმნილი წყალმომარაგების პრობლემების გადასაჭრელად ამჟამად მიმდინარე სამუშაოებზე. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, დაზიანებული მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება და, უკვე არსებული გეგმის თანახმად, არაუგვიანეს ერთ კვირაში დასრულდება. მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში 63 000 აბონენტთან დაწესებულია წყლის მიწოდების სპეციალური რეჟიმი. გარდა ამისა, უკვე მობილიზებულია საკმარისი რაოდენობის ავტოცისტერნები, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა სასმელი წყლით მომარაგდება.

ირაკლი ბენდელიანის თქმით კი, დედაქალაქში წყალმომარაგების სრულად აღსადგენად სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.

„დედაქალაქის მერთან ერთად გვქონდა კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა. ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება. ამის მიზეზი საგურამოში წარმოქმნილი ბუნებრივი პროცესებია, რამაც დააზიანა სასმელი წყლის მაგისტრალი. ბუნებრივია, თავიდანვე, ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა კომპანიის მხრიდან, საჭირო ჯგუფები ადგილზე არიან და 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 63 000 აბონენტია, ვისაც სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეზერვუარების საშუალებით წყლის მიწოდება. ეს 63 000 აბონენტი, მაქსიმუმ, ერთი კვირის მანძილზე გრაფიკით მიიღებს სასმელ წყალს. დაახლოებით, ეს ვადა დასჭირდება დაზიანების აღმოფხვრას“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

158