A კატეგორიის ლიცენზიის ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ლიცენზია დღემდე არ გაუაქტიურებიათ, ნებართვა სამუდამოდ გაუუქმდებათ, - შესაბამისი გადაწყვეტილება რეფორმის დაწყებიდანვე იყო ცნობილი.
საქმე ის არის, რომ ლიცენზიების მფლობელებს, ტაქსების ლიცენზიები სპეციალური აპლიკაციით უნდა გაეაქტიურებინათ.
გარდა ამისა, მერიის განმარტებით, თბილისში, მძღოლებს, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ „A“ კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის შეღავათებით და გადაადგილდებიან ე.წ. ბასლაინზე, არა მგზავრების ასაყვანად, არამედ პირადი კომფორტისთვის, საკრებულოს 28 მარტის გადაწყვეტილებით, ლიცენზია ერთი წლით ჩამოერთმევათ.
შესაბამისად, პოლიციას უფლება მიეცა, ეჭვის შემთხვევაში, ე.წ. ბასლაინზე მოძრავი ტაქსი გააჩეროს და შეამოწმოს, აქვს თუ არა მძღოლს ლიცენზია და მართლა გადაჰყავს თუ არა მგზავრი.
"დადგენილების თანახმად, გამოვლინდება ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა მძღოლები A კატეგორიის ტაქსის ნებართვას ფლობენ, თუმცა მგზავრთა გადაყვანის ნაცვლად, საავტობუსო ზოლებში პირადი მიზნებისთვის გადაადგილდებიან. ცვლილებების მიზანი მსგავსი ფაქტების შემცირება და სამართალდარღვევაზე შესაბამისი რეაგირების მოხდენაა, რათა A კატეგორიის ტაქსების გარკვეული ნაწილისთვის დაწესებული შეღავათით მხოლოდ იმ მძღოლებმა ისარგებლონ, რომლებიც ტაქსით მომსახურებას ახორციელებენ. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელს, ავტომობილის გასხვისების მიუხედავად, A კატეგორიის ტაქსის ნებართვაზე, ერთი წლის განმავლობაში, ამავე ავტომობილის მიბმის საშუალება არ ექნება" - წერია თბილისის საკრებულოს დადგენილებაში.