gorgia
ავერსი legi

 ფული ადამიანისთვის მხოლოდ ეკონომიკური რესურსი არასოდეს ყოფილა. ფული ემოციების მატარებელია, პირადი ისტორიის, ღირებულებების, ოჯახური ნარატივების და შიშების ერთობლიობაა. - წერს ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ამიტომაც ხდება, რომ ერთი ადამიანი ფულს თავდაჯერებასთან აკავშირებს, მეორე უსაფრთხოებასთან, მესამე კი მასში საფრთხეს ხედავს, თითქოს ფულის მიღმა რაღაც “დასჯა” იმალება.

"ეკონომიკური ქცევის 80%-ზე მეტი ემოციებით იმართება და არა რაციონალური გათვლებით. სწორედ აქ ჩნდება პარადოქსი: ზოგჯერ ადამიანი თითქოს საკუთრი თავის წინააღმდეგ მოქმედებს, თითქოს მას უცნობი შინაგანი მექანიზმი უბიძგებს სიღარიბის მდგომარეობისკენ.

სიღარიბისადმი ლტოლვა ხშირად იწყება არაცნობიერიდან. ქცევითი ეკონომიკა მიუთითებს, რომ ბავშვობაში მიღებული ეკონომიკური გამოცდილება, სირცხვილი, აკრძალვები, დეფიციტის განცდა და მშობლების დამსჯელი დამოკიდებულება ფულთან მიმართებით ქმნის საშიში ობიექტის შთაბეჭდილებას.

თუ ბავშვობაში ფული ასოცირდებოდა კონფლიქტებთან, ტკივილთან ან დამცირებასთან, მოზრდილობაში ადამიანი ხშირად არაცნობიერად ერიდება მის დაგროვებასაც და მართვასაც. ასეთ შემთხვევაში ფული არა სიამოვნებას, არამედ საფრთხეს უკავშირდება. შედეგად, ადამიანი შეიძლება მუდმივად აკეთებდეს არჩევანს, რომელიც რესურსს ახარჯავს იმას, რაც საჭირო არაა, ან მუდმივად გადადებს დაგეგმვას, ინვესტიციას, ფინანსურ ზრდას, ყველანაირად გაურბის იმ ქცევებს, რომლებიც წარმატებას გამოიწვევდა.  ეს სტრატეგია თითქოს დაცვაა. ფული ნაკლებია,  მაგრამ საფრთხეც ნაკლებია.

658017479 1382655047229039 721901939015088024 n

ამ პროცესს ხშირად თან ახლავს არქეტიპული ფორმები. ერთ-ერთი ყველაზე ხშირია „მარად შემცირების“ არქეტიპი, ემოციური სკრიპტი, რომლის მიხედვითაც ადამიანი საკუთარ თავს მხოლოდ დეფიციტში ხედავს. მსგავს პირებში ფინანსური წარმატება იწვევს შფოთვას, თითქოს ისინი “არ იმსახურებდნენ”.

კიდევ ერთი არქეტიპია „მხსნელის“ ნარატივი, როცა ადამიანს აქვს მუდმივი სურვილი თავისი ფული სხვების პრობლემებზე დახარჯოს, რადგან სწორედ ამ გზით გრძნობს ღირებულებას.

არსებობს „საბოტაჟორის“ არქეტიპიც, რომელსაც ადამიანური ფსიქოლოგია აღწერს როგორც შინაგან ხმას, რომელიც მუდმივად ედავება პროგრესს და უბიძგებს ზედმეტ ხარჯვას, დაუგეგმაობას, ფინანსური ვალდებულებების იგნორირებას. ყველა ამ მოდელს საერთო ძირი აქვს, ბავშვობის ემოციური ფიქსაციები, სადაც ფული იდენტობას ეხებოდა და არა მხოლოდ მატერიალურ კომფორტს.

სიღარიბისადმი ლტოლვის კიდევ ერთი საფუძველი არის თვითეფექტიანობის დაბალი განცდა. თუ ადამიანი არ იღებს საკუთარ თავს ისეთ პირად, რომელსაც შეუძლია წარმატების მართვა, მისი ფსიქიკა ცდილობს შეინარჩუნოს „ზღვარზე ყოფნის“ მდგომარეობა. ეს ხდება მაშინ, როცა სიღარიბის მდგომარეობა ადამიანი მიიჩნევს ნაცნობად და ამიტომ ნაკლებად საშიშად. უცნობი რეალობის ფინანსური სტაბილურობისკენ მიმავალი გზა მისი ქვეცნობიერისათვის გაცილებით უფრო დამაბნეველი და მიუღებელი ხდება, ვიდრე მუდმივი გაურკვევლობა.

ნარატივის ლოგიკა ასეთია: „ამას მაინც ვიცნობ, ეს მაინც ჩემი სივრცეა“. ამიტომაც ხდება, რომ ადამიანი რჩება სამსახურში, რომელიც მას არ აკმაყოფილებს, ან იღებს ფინანსურ რისკებს, რომლებიც აშკარა ზიანს აყენებს, რადგან ამ ქცევებში არის რაღაც მტკიცედ დამკვიდრებული შინაგანი სტაბილურობა.

ამ ყველაფრის პარალელურად, ნეირომეცნიერება მიუთითებს, რომ ქრონიკული ფინანსური სტრესი პირდაპირ მოქმედებს გადაწყვეტილების მიღებაზე. როდესაც ადამიანი მუდმივად დეფიციტის მდგომარეობაშია, ტვინის საანალიზო სისტემა გადადის „გადარჩენის რეჟიმში“. ეს რეჟიმი არჩევანს ძალიან მოკლევადიან ჰორიზონტზე აყალიბებს. ასეთ დროს გრძელვადიანი დაგეგმვა, ინვესტიცია, ფინანსური დისციპლინა ან სტრატეგიული ფიქრი ბუნებრივად ნაკლებად ხელმისაწვდომია. ფინანსური სტრესის ქვეშ ადამიანი უფრო სწრაფად იღებს იმპულსურ გადაწყვეტილებებს და უფრო ხშირად უშვებს ისეთ შეცდომებს, რომლებიც მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. პარადოქსი სწორედ აქ იჩენს თავს სადაც უფრო ღრმავდება კრიზისი, მერე კი უფრო რთული ხდება მისგან გამოსვლა.

მკურნალობისა და ცვლილების კუთხით, პირველი ნაბიჯი ყოველთვის ცნობიერებაა. ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ ფულთან დაკავშირებული ქცევა ემოციური ისტორიის ნაწილია და არა ხასიათის ნაკლოვანება. ამის შემდეგ იწყება ძალთა გადანაწილება სადაც ჩნდება შიში, კონტროლი, თვითდამკვიდრება. ფსიქოთერაპიული პრაქტიკა ხშირად ფოკუსირდება იმაზე, რომ შემცირდეს ფულთან დაკავშირებული სირცხვილის განცდა, გაძლიერდეს თვითეფექტიანობა და დაინგრეს ბავშვობის პერიოდში ჩამოყალიბებული ნეგატიური ნარატივები.

მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქცევითი სტრატეგიების კრეატიული ფორმირება: მცირე დოზით დაგეგმვა, ფულის „მოკავშირედ“ აღქმა, არა ემოციურ, არამედ სტრუქტურულ, ფუნქციურ კონტექსტში. დროთა განმავლობაში ადამიანი ეჩვევა, რომ ფინანსური სტაბილურობა არა თავის დაკარგვა, არამედ პირადი თავისუფლების მოპოვებაა.

საბოლოო დასკვნა სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით მარტივია: სიღარიბისადმი ლტოლვა არ არის არც „სიზარმაცე“, არც „სისუსტე“ და არც „უყურადღებობა“. ეს არის ფსიქიკური თავდაცვითი სტრუქტურა, რომელიც ერთ დროს ადამიანს იცავდა, მაგრამ მოგვიანებით იქცა მისთვის შეზღუდვად. როდესაც ადამიანი სწავლობს ამ შიდა არქეტიპების ამოცნობას, შეუძლია გადალახოს ეკონომიკური თვითსაბოტაჟის პატერნები და ფული აღიქვას როგორც ენერგიის ნეიტრალური ფორმა, რომელიც არც სირცხვილია, არც საფრთხე არამედ მხოლოდ რესურსი, რომლის მართვაც შესაძლებელია და სასურველიც." - წერს მაგდა კოტრიკაძე. 

314