საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, დღევანდელი გათვლებით, წლის მეორე ნახევარში ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკში ვარაუდობენ, რომ ინფლაცია შემცირებას თებერვლიდან დაიწყებს.
„ზოგადად, საკმაოდ გაურკვეველი სიტუაციაა ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდიდან. პანდემიის დასრულების შემდეგ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ასევე გააღრმავა ეს გაურკვეველი სიტუაცია. მოგეხსენებათ, მიწოდების ჯაჭვების რღვევის გამო, ძირითადად, ფასები გაიზარდა სასაქონლო პროდუქციაზე. ამან ფასების მატების ახალი ტალღა გამოიწვია. რა თქმა უნდა, თავიდან პროგნოზები შეიცვალა, დაკორექტირდა, თუმცა შემდეგ სხვანაირად წარიმართა სიტუაცია, რადგან ომს სხვადასხვა ქვეყანაზე სხვადასხვანაირი გავლენა აქვს. საქართველოში, მიგრაციის შედეგად, საკმაოდ გაიზარდა გადმორიცხვები რუსეთის ფედერაციიდან, ტურიზმის აღმავლობა ძალიან სწრაფი იყო. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო ლარის კურსის გამყარებას, რაც ეხმარება იმპორტირებული ინფლაციის შემცირებას.
ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ამავე დროს ეროვნულ ბანკს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აქვს და ინარჩუნებს ამ პოლიტიკას, ვფიქრობთ, დღევანდელი მოლოდინით, შემდეგი წლის მეორე ნახევარში ინფლაცია უნდა დაუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. რა თქმა უნდა, საშუალო მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელი, რადგან თებერვლის თვიდან დაიწყებს შემცირებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე და იანვრის თვეში, საბაზო ფაქტორებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ მაღალი ინფლაცია შენარჩუნდება და კლებას დაიწყებს თებერვლის თვიდან. არ არის გამორიცხული, იყოს გარკვეული სიურპრიზი ამ პროგნოზთან დაკავშირებით, შესაძლებელია, უფრო დაბალიც იყოს წლიური ინფლაცია. მოგეხსენებათ, ნავთობის ფასები განსაზღვრავს ფასების ინდექსს, ასევე სხვა მომსახურებისა და პროდუქციის ფასებს. ამიტომ უნდა დაველოდოთ ამ ინფორმაციას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.