ოჯახებს, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ შემოსავლებს, მეზღვაურებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულებს, ყველას, ვისაც ძირითადი შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ და შეზღუდვის გამო ვერ იღებდა 200 000 ლარამდე სესხს შესაბამის ვალუტაში, ეს შეზღუდვა მოეხსნებათ და ნებისმიერი ოდენობის სესხს მიიღებენ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც შემოსავალი აქვთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, მათთვის 200 000-ლარიანი შეზღუდვა 2024 წლის პირველი იანვრიდან უქმდება.
„მოგეხსენებათ, არსებობდა შეზღუდვა იმ პირებზე, რომელთაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ და მათ 200 000 ლარამდე ეკვივალენტის სესხის აღება მხოლოდ ლარში შეეძლოთ. ვფიქრობთ, ეს არ იყო მთლად სამართლიანი, რადგან ჰეჯირება სწორედ იმას გულისხმობს, რომ პირი იყოს დაცული სავალუტო რისკებისგან. შესაბამისად, იმ პირებს, რომელთაც აქვთ შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ სესხი უცხოურ ვალუტაში. მოიხსნება შეზღუდვა, რაც ადრე არსებობდა მათ მიმართ. ჩვენი აზრით, ეს უპირატესად შეეხებათ იმ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ემიგრანტები და გზავნილებით იღებენ შემოსავლებს. მეზღვაურებს, რომელთაც აქვთ უცხოურ ვალუტაში შემოსავალი, საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პირებს და სხვა მსგავს კატეგორიას, ვისაც ძირითადი შემოსავალი აქვს უცხოურ ვალუტაში, ხოლო შეზღუდვის გამო, ვერ იღებდა 200 000 ლარამდე სესხს შესაბამის ვალუტაში. ანუ ვისაც აქვს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, ნებისმიერი ოდენობის სესხს მიიღებენ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი. ადრე იყო შეზღუდვა 200 000 ლარამდე, ახლა ეს შეზღუდვა მოვხსენით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, აღნიშნული არის ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილება.
200 000 ლარამდე სავალუტო სესხების შეზღუდვა 2019 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში. ის სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებით განისაზღვრა. საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი ჩანაწერის მიხედვით მოქალაქეებს, ვისაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, თავისუფლად შეეძლებათ ნებისმიერი მოცულობის სესხი მათთვის სასურველ ვალუტაში აიღონ.