ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ივანე მაჭავარიანის შეფასებით, საქართველო პირველ ადგილზეა პანდემიური დახმარებების ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, რომელსაც ქვეყანა დონორი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან იღებს. ამის შესახებ მჭავარიანმა პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატები უწყებების მიხედვით სამთავრობო პროგრამას წარადგენენ.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის თქმით, საქართველოს მთავრობას საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ხელი აქვს მოწერილი შეთანხმებებზე, რომლის ჯამური მოცულობა 1.9 ლრდ დოლარს აჭარბებს.
ასევე, პარლამენტში გამოსვლისას ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა სამ ძირითად მიმართულებაზე, რომელსაც მოზიდული სახსრები მოხმარდა.
„პანდემიიდან გამომდინარე, საჭირო გახდა დამატებითი სახსრების გამოყოფა სამი მიმართულებით: პირველი იყო ჯანდაცვის დაფინანსების ზრდა - პანდემიაზე რეაგირების მიზნით დამატებით ამ მიმართულებით გამოვყავით 420 მლნ ლარი, ხოლო 2021 წელს გათვალისწინებული გვაქვს 450 მლნ ლარი. მნიშვნელოვანია, ასევე, მსოფლიო ბანკის კოვიდ-პროექტი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პანდემიის მართვა და საჭირო შეზღუდვების დიდი ნაწილი პირდაპირ მწარმოებლებისგან მომდინარეობს. მიმდინარეობს ვაქცინის შესყიდვაზე ზრუნვა და ლოჯისტიკის უზრუნველყოფა.
მეორე მიმართულება არის მოქალაქეების დახმარება; ჯამში, ამისთვის გამოიყო მილიარდ 200 მლნ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სახის ფულად დახმარებას იღებს მილიონ 700 ათასასამდე ჩვენი მოქალაქე, ხოლო კომუნალური
სუბსიდირებით 2 მლნ 500 ათასი მოქალაქე სარგებლობს.
მესამე მიმართულება იყო ბიზნესის მხარდაჭერა, რისთვისაც გამოიყო მილიარდ 600 მლნ ლარზე მეტი. აღნიშნული თანხის ფარგლებში განხორციელდა საშემოსავლო და ქონების გადასახადის შეღავათი, რომლითაც 33 ათასზე მეტი კომპანია 425 ათასზე მეტ სამუშაო ადგილზე სარგებლობს. ავამოქმედეთ საკრედიტო-საგარანტიო სქემა და ა.შ. ბიზნესის მხარდაჭერა განხორციელდა საგადასახადო ადმინისტრირების კუთხითაც. 2020 წლის განმავლობაში 50 ათასზე მეტ გადამხდელს გადაუვადდა 400 მლნ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.