2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საგარეო ვალზე დამოკიდებულების შემცირების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთლიან ვალში საგარეო ვალის წილი შემცირდეს.
მინისტრის თქმით, სწორედ ამიტომ მთავრობას უფრო მეტი აქცენტი შიდა ვალზე გადააქვს, რომელსაც სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით იღებენ. ლაშა ხუციშვილის თქმით, საგარეო ვალები სავალუტო რისკებთან არის დაკავშირებული. ამასთან მათი საპროცენტო განაკვეთები გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო იზრდება, რაც ამ კრედიტების მომსახურების საფასურს აძვირებს.
„ადრე თუ საშუალოდ საპროცენტო განაკვეთი 1,6 პროცენტს შეადგენდა, 2023 წლისათვის 4-5 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო სავალუტო რისკი, შექმნილი რისკების ფონზე, მინიმუმ იგივე დონეზე იქნება შენარჩუნებული. შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში, თუნდაც დონორების დაფინანსება, სავალუტო რისკების გათვალისწინებით, უკვე აღემატება ლარში საპროცენტო განაკვეთებს“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული იქნება ლარში დაფინანსებაზე, რაც ხარჯის გარდა, ხელს შეუწყობს ვალის პორტფელის დივერსიფიცირებას, სავალუტო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირებას, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას, საშუალოვადიან პერიოდში ვალის მომსახურების ხარჯების შემცირებას.
„ოპონენტებისგან და ექსპერტებისგან ხშირად მომისმენია, რომ მათთვის გაუგებარია, თუ რატომ ვამბობთ უარს „იაფ“ საგარეო სესხებზე და ვიღებთ „ძვირ“ საშინაო ვალს. მას შემდეგ, რაც ვალის დონე აღვადგინეთ უსაფრთხო დონეზე, ვალის მართვის მთავარ ამოცანად ვალის საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირება წარმოადგენს. შექმნილი გლობალური და ადგილობრივი მაკროეკონომიკური ტენდენციები საკმაოდ ხელსაყრელია ამ ამოცანის შესასრულებლად. კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება, ხოლო ლარში საპროცენტო განაკვეთები იკლებს, რაც ბოლო პერიოდში გამართული აუქციონის შედეგებიდანაც ჩანს. ისტორიულად, უცხოურ ვალუტაში სესხება, ერთი შეხედვით, უფრო იაფი ჩანს დაბალი ნომინალური პროცენტის გამო, თუმცა ამ სესხებას ყოველთვის თან ახლდა სავალუტო რისკი, რაც საშუალოდ, პანდემიამდე ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 6 პროცენტს შეადგენდა“, - აღნიშნა მან.
2023 წელს საქართველოს მთავრობა 3.6 მილიარდი ლარის ახალ საგარეო ვალს აიღებს, აქედან შიდა ვალი 1.4 მილიარდი ლარი იქნება (ზრდა 100 მლნ), ხოლო საგარეო ვალი 2.2 მილიარდი ლარი იქნება (კლება 100 მლნ ლარი). მთლიანობაში მომდევნო წლის ვალის გეგმა 2022 წლის ტოლი იქნება.
რაც შეეხება ვალის მშპ-სთან ფარდობას, ის BDD დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობა 38.9% იქნება.