ინფლაცია არის ერთგვარად ის საფასური, რომელსაც ყველა, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები იხდიან იმ ომის გამო, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე: „ბელგიის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ბოლო პერიოდში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი საქართველოდან განსაკუთრებულად გაზრდილია, იმის პარალელურად, როდესაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა, რატომ მიდის ამდენი ადამიანი ქვეყნიდან?“.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პანდემიამ და ომმა ფასების ზრდა და ინფლაცია განაპირობა.
„ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე და ეკონომიკურ აქტივობაზე, ეს მონაცემები ყველასთვის ხელმისაწვდომია. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, აღნიშნული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უკვე მეორე წლის განმავლობაში საქართველოსთვის ნამდვილად უპრეცედენტოა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ორი წელი მიყოლებით, საქართველოს არასოდეს ჰქონია. ბუნებრივია, გარკვეულწილად დიდი წნეხი არის იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც შექმნილია მსოფლიოში და რომელიც შექმნილია განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან გამომდინარე. ჯერ კიდევ პანდემიიდან და შემდგომ ომიდან გამომდინარე, რომელმაც ძალიან დიდი წნეხი მოიტანა ფასების ზრდაზე, ინფლაციაზე. ინფლაცია არის ერთგვარად ის საფასური, რომელსაც ყველა, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები იხდიან იმ ომის გამო, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან გამომდინარე. შესაბამისად, ეს დიდი წნეხი და დიდი ტვირთი არ არის მხოლოდ საქართველოში და საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არის პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის. ორნიშნა ინფლაცია არის ევროკავშირის ქვეყნებში, რიგ შემთხვევაში 18-20%-ის ოდენობით და ბუნებრივია, ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოში არის ორი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ფასების ზრდა გარკვეულწილად ამას ჩრდილავს და აფერხებს. თუმცა, მეორე მხრივ, გვაქვს მოცემულობა, სადაც ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში არის ორნიშნა ინფლაცია და საერთოდ არ არის ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად, ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკურ აქტივობას, რომელიც საქართველოში ფიქსირდება, გავუფრთხილდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს ეკონომიკური ზრდა იყოს გრძელვადიან პერიოდში უფრო მდგრადი და მომდევნო პერიოდშიც შევინარჩუნოთ. ამ მიმართულებით ყველანაირი ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდეს. ინფლაციამ შემცირება დაიწყო და ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო წელს ინფლაცია უკვე ძალიან ახლოს იქნება მის მიზნობრივ მაჩვენებელთან“, – განაცხადა ხუციშვილმა.