2021 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 4.2 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ინფლაციის ზრდის მიზეზი კორონავირუსის გამო შექმნილი არაორდინარული ვითარებაა, რის გამოც მიწოდების მხარეს არსებულმა რამდენიმე ფაქტორმა ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ერთდროულად იმოქმედა.
„მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად კომუნალურ გადასახადებზე საბიუჯეტო სუბსიდიის მოხსნამ იქონია გავლენა, ჯამში 3.1 პროცენტული პუნქტით (პპ). ამავე ფაქტმა წლიური ინფლაცია 1.4 პპ-ით გაზარდა1.
სურსათი წინა წლის მარტთან შედარებით 5.5 პროცენტით გაძვირდა, რითაც ინფლაციაში 1.6 პპ-ით წვლილი შეიტანა. აქედან მხოლოდ მზესუმზირის ზეთის წვლილი 0.5 პპ, ხოლო შაქრის 0.2 პპ იყო. ადგილობრივ ბაზარზე ფასების მატება ამ პროდუქტების მსოფლიო ბაზარზე გაძვირებას უკავშირდება. მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. ბენზინის და დიზელის კონტრიბუცია ინფლაციის ზრდაში ჯამურად 0.4 პპ-ს გაუტოლდა. ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 13.6 პროცენტით გაძვირდა (1.0 პპ წვლილი ინფლაციაში), ხოლო სიგარეტის წვლილმა ინფლაციაში 0.4 პპ შეადგინა. ამის გარდა, ლარის ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ სხვა საქონელის გაძვირებაზეც იმოქმედა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 6.6 პროცენტამდე გაიზარდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს საზოგადოებას წარუდგენს გამოცემას „თვის მიმოხილვა". ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმოხილვაში დეტალურად არის გაანალიზებული გასული თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობა.