რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კალაჩ-ნა-დონიში ღამით აფეთქებების ხმები ისმოდა, რაც, სავარაუდოდ, დრონით თავდასხმისა და საჰაერო თავდაცვის ოპერაციებისგან იყო გამოწვეული, ამის შემდეგ კი ობიექტს ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სოციალურ ქსელებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული „ტელეგრამ“ არხების ცნობით, სულ მცირე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
„ტელეგრამ“ არხი Baza-ს იუწყება, რომ ერთ-ერთი დრონი აეროდრომიდან რამდენიმე კილომეტრში გაანადგურეს, მეორე დრონის ნამსხვრევები მასთან შორიახლო დავარდა, რის შედეგადაც ის აალდა.
საუბარია „მარინოვკას“ სამხედრო აეროდრომზე, რომელიც მდებარეობს სოფელ ოქტაბრსკში, კალაჩ-ნა-დონიდან დაახლოებით 20 კმ-ში. სოციალური ქსელების მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ თავდასხმის სამიზნე, შესაძლოა, ეს აეროდრომი იყო.