ეს არ არის მხოლოდ ემიგრაციის ისტორია — ეს არის ამბავი ადამიანზე, რომელმაც იძულებით დატოვა სახლი, ოჯახი, სითბო… წლები გაატარა შრომაში, მონატრებაში და საკუთარ თავთან ბრძოლაში.
ეს ერთ ემიგრანტზე მოთხრობილი ამბავია. სიჩუმით, მონატრებით და შეუცვლელი სიყვარულით სავსე.
ამბავი ქალის, რომელიც „დროებით“ წავიდა, მაგრამ ემიგრაციაში წლები დაკარგა.
ამბავი ყველა იმ დედის, მამისა და შვილის, ვინც უცხო მიწაზე საკუთარი გულის ნაწილი დატოვა.
ეს ისტორია არა მხოლოდ შრომაზეა, ეს არის მონატრებაზე, გამძლეობასა და იმ იმედზე, რომელიც ბოლოს ჩურჩულით ამბობს:
„დიახ… შენ დაბრუნდები. აუცილებლად დაბრუნდები იქ, სადაც სულ გელიან.“
2015 წელი — ცივი თებერვალი
ხელში ქუთაისი–რომის ბილეთი მქონდა. გადაწყვეტილება რთული იყო, მაგრამ აუცილებელი, ისეთი, რომლის მიღებაც გულს გიხეთქავს, მაგრამ გონება გეუბნება, რომ უნდა წახვიდე.
გათენებამდე ვერ დავიძინე. ყოველი წამს ბავშვების სუნთქვას ვითვლიდი. მათ ოთახში ჩუმად შევდიოდი, ვუყურებდი მძინარეებს და მეშინოდა ფიქრის, რომ დილით მათ გვერდით აღარ ვიქნებოდი.
ეს არ ყოფილა ოცნების მოგზაურობა — ეს რეალობა იყო, რომელსაც „მდგომარეობა“ ერქვა. გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად მივიღეთ. იძულებითი წასვლა, დროებითი ნაბიჯი, რომელიც გულში უკვე ვიცოდი, რომ შესაძლოა წლების ტკივილად ქცეულიყო.
გამგზავრების დღეს ნათელა ბებოც მაცილებდა — ქალი, რომელიც ბავშვობიდან მუდამ გვერდით მედგა. მის აცრემლიანებულ თვალებში ისეთი სევდა დავინახე, რომელსაც სიტყვები ვერ აღწერს. ჩახუტებისას ჩუმად მითხრა: „დაბრუნებულს, მე აღარ ვიქნები…“
ეს სიტყვები ჩემთან ერთად წამოვიდა, გულში, ნაბიჯებში, ყოველი სიჩუმის ხმაში.
ხშირად ვამშვიდებთ თავს და ერთმანეთს ვანუგეშებთ:
„მხოლოდ რამდენიმე თვით მიდიხარ… დროებით, სამუდამოდ კი არა…“
მაგრამ ამ „დროებითში“ ინახება ათასი ღამე ცრემლიანი ბალიშით, უცნაური სიჩუმე, მონატრება და ბავშვების სიცილი, რომელიც მხოლოდ ტელეფონიდან ისმის.
განშორების ღამე
2015 წლის თებერვლის სუსხი დღემდე მახსოვს. ბავშვები დავაძინე, შუბლზე ვაკოცე და თითქოს თითოეულზე ჩემი გული დავტოვე. აეროპორტისკენ გზაზე ცრემლი აღარ მომდიოდა, მაგრამ შიგნით ყველაფერი მტკიოდა, ყოველი ნაბიჯი სახლს მაშორებდა, მაგრამ იმედი წინ მიცილებდა.
იტალიაში ჩამოსვლა თითქოს ახალი სიცოცხლის დასაწყისი იყო, მაგრამ ამ სიცოცხლეს თავისი ფასი ჰქონდა.
ემიგრანტის ცხოვრება მარტივი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა სრულიად უცხო ადამიანებთან გიწევს ცხოვრება და მუშაობა.
ხანდახან ისეთი ადამიანები გხვდებიან, რომ ერთადერთი გამოსავალი მოთმინება და სიჩუმეა.
მუშაობ დილიდან ღამემდე. ზოგჯერ ღამითაც გეძახიან. ცხოვრობ სხვის სახლში და აცნობიერებ, რომ საკუთარი შვილებისთვის განკუთვნილ დროსა და სიყვარულს ერთ მოხუცს უნაწილებ. მას უვლი, ამშვიდებ, ესაუბრები, მაგრამ სულ შვილებთან ხარ აზრებით — შვილებთან, რომლებიც იზრდებიან და იცვლებიან შენს გარეშე.
და ჩნდება კითხვა: ოდესმე აანაზღაურებს ამ დანაკლისს აქ ნაშოვნი თანხა?
ალბათ — არა.
ფულით ვერ შეავსებ დაკარგულ წამებს. ვერ იყიდი იმ დღეს, როცა შვილს ცრემლი მოადგა და შენ ვერ მოწმინდე. ვერ დააბრუნებ იმ წუთებს, როცა პირველად რაღაც ახალი ისწავლეს და შენ მხოლოდ ვიდეოში ნახე მათი ღიმილი.
მაგრამ მაინც იბრძვი, იმიტომ, რომ ასეა „საჭირო“. საჭიროა მათი მომავლისთვის, სწავლისთვის, ოჯახისთვის, ყოველდღიური არსებობისთვის.
წლები გადის…
„დროებით“ წასული ადამიანი უკვე წლების ემიგრანტი ხდები. იცვლება საჭიროებები, მიზნები, ვალდებულებები. თანდათან გრძნობ, რომ ყველამ ისწავლა უშენოდ ცხოვრება.
ბავშვები გაიზარდნენ, გოგომ თმების გაკეთება თავად ისწავლა, ბიჭმა თასმების შეკვრა. თავად წყვეტენ რა ჩაიცვან, რა ჭამონ. მეუღლემაც ისწავლა ყოველდღიურობა შენს გარეშე. ადრე წყლის დასხმასაც კი გთხოვდა, ახლა კი თვითონ დადის საყიდლებზე, ალაგებს სახლს, კომუნალურებსაც იხდის. მშობლებს წლებთან ერთად ჯანმრთელობის პრობლემები მოემატათ.
ოჯახი ისევ შენია, მაგრამ თითქოს შენ მათ ყოველდღიურობაში აღარ ხარ. იქ აღარ ხარ, აქაც ბოლომდე ვერ ხარ…
ამ ფიქრებს გულში ლოდად აგროვებ. ემიგრანტის ცრემლი სხვანაირია — ხშირად მალული, ხშირად ჩუმი, მაგრამ მძიმე.
გტკივა, რადგან ხანდახან ვერც ტირი — არ შეიძლება. ხოლო როცა ტირი, ცრემლები გულშიც გეღვრება და ლოდებად იქცევა.
დაკარგული „მე“
ნელ-ნელა გრძნობ, რომ საკუთარი თავი უცხო ქუჩებში, უცხო სახლებში თითქოს დაკარგე.
ოჯახის გარდა სხვებთან კავშირებიც იცვლება. თავდაპირველად ურთიერთობები იშვიათდება, მერე კი ზოგჯერ საერთოდ ქრება, დრო და მანძილი კვალს შლის.
რომშიც ჩნდებიან ახალი ნაცნობები, მეგობრები, მაგრამ ვერავინ შეგიცვლის იმას, რაც სამშობლოში დატოვე. მარტოობის შიში აქ წამითაც არ გტოვებს.
კვირაში ერთხელ ხვდები ადამიანებს, რომლებიც შენნაირი ტკივილით ცხოვრობენ ემიგრაციაში. ზოგჯერ ერთად ტირით, ერთად ხალისობთ, მაგრამ ყველას თავისი მძიმე ტვირთი აქვს და ვერცერთი ტვირთი ვერ ამსუბუქებს მეორეს.
ვიცი, ბევრი ჩემნაირი წაიკითხავს ამ ტექსტს.
არავის უხარია ოჯახის დატოვება. ეს იძულებითი არჩევანია.
ზოგჯერ ვისმენ:
„ოჯახსაც გადაეჩვია, შვილებიც აღარ ენატრება…“
არასოდეს დაიჯეროთ! დედას შვილი ყოველთვის ენატრება.
ემიგრაცია გაძლიერებს, გასწავლის გამძლეობას, მაგრამ შინაგანი ტკივილი არასდროს ქრება.
ისწავლი ჩუმად ტირილს, უხმოდ ყვირილს, დუმილით მონატრებას.
დაბრუნების სიმძიმე…
ვიცი, რომ ერთ დღეს ისევ შევხედავ შვილების თვალებს. როცა მათი ღიმილი შემომხვდება და ხელს მომკიდებენ, გული ისე დამიძგერს, როგორც პირველი გამგზავრების ღამით.
მაგრამ ამჯერად, ეს ძგერა სიხარულს და ჩუმ შიშს ერწყმის.
ჩემს თავს ჩუმად ვეტყვი:
„მე დავბრუნდი სახლში, მე დავბრუნდი, იქ, სადაც მელოდნენ, მაგრამ ყველაფერი შეცვლილია.“
და მერე მოდის ფიქრი, რომელიც…
დაბრუნებაც შეიძლება ისეთივე მძიმე იყოს, როგორც ემიგრაციაში წასვლა.
“შენ დაბრუნდი, მაგრამ ყველაფერი შეცვლილია.”
შვილები გაიზარდნენ. ბიჭმა ჩააბარა უნივერსიტეტში, გოგომ დაამთავრა სკოლა. მეუღლეც შეიცვალა. წლებმა ორივეს სხვა სახე მოგვცა. მშობლები დაბერდნენ, ნათელა ბებოც აღარ არის… ბავშვობის კიდევ ერთი კარი დაიხურა.
და ჩნდება კითხვა:
ემიგრაციაში უფრო მეტს ვკარგავთ, ვიდრე ვპოულობთ?
ვაცნობიერებ ყველაფერს და ვიცი, კვლავ მომიწევს რომში დაბრუნება. ოჯახში ახალი გეგმებია, ახალი საჭიროებები. რაღაც შესაძენია, რაღაც გასარემონტებელი… და თითქოს ყველა ელოდება ჩემს წასვლის ისევ.
ეს რეალობაა, რომელიც მე შევქმენი: შეცვლილი ადამიანები, შეცვლილი მიზნები, შეცვლილი ცხოვრება…
და ბოლოს…
ბრძოლაში მხოლოდ გარემო იცვლება.
ხან შორიდან მოჩანს შენი სახლი: სითბოთი, ბავშვების სიცილით, ნათელა ბებოს მზერით;
ხან კი — რომი, უცხო ქუჩები, ახალი ვალდებულებები და მიზნები.
ამ მუდმივ ცვალებადობაში ცდილობ არ დაიკარგო და ცდილობ დარჩე ხიდზე - ორ ცხოვრებას შორის, რომელიც არასოდეს მიდის ერთი გზით…
ეს ისტორია რომში მყოფმა ერთ–ერთმა ემიგრანტმა ქალბატონმა გამოგვიგზავნა.
საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME მადლობას უხდის ავტორს ამ ემოციური ისტორიის გაზიარებისთვის.
მისი თხოვნით, მისი სახელი და გვარი არ ქვეყნდება.
გიწვევთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი ისტორიებიც — ჩვენი რუბრიკის „ემიგრანტი“ ფარგლებში სიამოვნებით გავავრცელებთ.