კონცენტრირებულები ვართ ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციაზე და ნორმალიზებაზე, რათა ჩვენ შემდგომშიც არ ვიხილოთ ამ კუთხით მზარდი ზეწოლა და დავაზღვიოთ სტაბილური ფასების დონე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სებ-მა გადაწყვეტილება მიიღო, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა.
„მთელს მსოფლიოში არის გაზრდილი გაურკვევლობა, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, განსაკუთრებული ინფლაციური წნეხი მომდინარეობს მსოფლიო ნავთობის ბაზრიდან და ნავთობპროდუქტების ბაზრიდან. სხვათაშორის, თუ დააკვირდებით აპრილის თვის ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში, აქაც დიდწილად სწორედ გარე ბაზრებიდან და ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასებიდან მომდინარე ეფექტი იყო, რომელმაც ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანა ინფლაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვკონცენტრირდებით, რომ უკეთ ვმართოთ ინფლაციური მოლოდინები. ეს მოლოდინები და ეს რისკები ნათელია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომელიც არის ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანა.
არავინ იცის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი. როგორი იქნება შემდგომი ფასების ვოლატივობა გარე ბაზრებზე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუნდაც მცირე ბიჯით ჩვენ გაგვეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც ატარებს მკვეთრად გამოხატულ პრევენციულ ხასიათს. ანუ ეს არის ინფლაციური წნეხის, ინფლაციური რისკების ჩვენზე გადმოცემის პრევენცია. ამიტომაც ვართ კონცენტრირებულები ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციაზე და ნორმალიზებაზე, რათა ჩვენ შემდგომშიც არ ვიხილოთ ამ კუთხით მზარდი ზეწოლა და დავაზღვიოთ სტაბილური ფასების დონე, ასევე დავაზღვიოთ ის, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე, ჩვენი ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად დაუბრუნდეს მიზნობრივ 3.0 პროცენტს, როგორც ეს იყო ნავარაუდევი, ვიდრე დაიწყებოდა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი და ნავთობის ფასების ზრდა“, – განაცხადა თურნავამ.