2020 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით შემცირდა, ამ ვარდნის მიზეზი ქვეყანაში დაწესებული ახალი ლოქდაუნი გახდა, რის გამოც ათასობით სავაჭრო და მომსახურების ობიექტი იძულებით დაიხურა. დეკემბერში არსებულმა კლებამ მთლიანად 2020 წლის შედეგებზეც იმოქმედა, რის გამოც, გასულ წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი პროგნოზირებულზე მეტად, 6.1%-ით შემცირდა. დღესვე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გამართა სპეციალური ბრიფინგი იმის შესახებ თუ რა ფაქტორებმა განაპირობეს გასული თვის განმავლობაში ეკონომიკის 7.9%-იანი ვარდნა.
"სასტუმროების და რესტორნების ჯგუფში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებასთან და ამ სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის გარკვეულწილად შეზღუდული სახით ფუნქციონირებასთან. მოგეხსენებათ ქვეყანაში არსებული ვითარების გამო შეიზღუდა სასტუმროების და რესტორნების საქმიანობა. ისინი ძირითადად მზა საკვების გატანის სერვისზე იყვნენ ორიენტირებული.
მშენებლობის სექტორში კვლავ კლების ტენდენცია შეინიშნებოდა სამოქალაქო და სპეციალიზირებული შენობა-ნაბეგობების მიმართულებით. ასევე, ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოების მიმართულებით, ასევე წყალმომარაგების, გათბობის და ჰაერის კონდიცირების მიმართულებით. დაახლოებით, 20%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი.
2020 წელს წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 20%-ით შემცირდა მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა, ხოლო 31%-ით არის შემცირებული ნებართვების ფართობი. ექსპლოატაციაში მიღებული შენობების ფართობი შემცირდა წინა წელთან შედარებით 15%-ით.
ხელოვნების გართობის და დასვენების სექტორში კლების გამომწვევ მიზეზად გვევლინება როგორც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების, ისე დასვენების, გართობის, სპორტის და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებული კომპანიების შემოსავლების შემცირება.
დამამუშავებელი მრეწველობის დარგში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან. შემცირებულია თუჯის, ფოლადის, ფეროშენადნობების წარმოების მაჩვენებელი. კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ასევე გარკვეული კატეგორიის კვების პროდუქტების წარმოების მიმართულებით.
ტრანსპორტის დარგში კლების ძირითადი მიზეზი საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების შემცირებას უკავშირდება, ასევე ტვირთების მომსახურების მოცულობის შემცირებას.
რაც შეეხება ზრდებს ცალკეულ დარგებში - საფინანსო საქმიანობის სექტორში ზრდის გამოწვევ მიზეზად გვევლინება კომერციულ ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა, რაც დაკავშირებული იყო ფიზიკურ პირებზე გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობის ზრდასთან. ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორში ზრდა განაპირობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მატებამ. წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნარჩენების მართვის სექტორში ზრდის ტენდენცია ძირითადად დაკავშირებული იყო ნარჩენების შეგროვების, დამუშავების და უტილიზაციის საქმიანობასთან.
სამთო მოპოვების სექტორში კი ზრდის ძირითადი მიზეზი ფერადი ლითონების და ქვანახშირის მოპოვებით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მატება იყო", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
დეკემბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 8.55 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 5.1%-ით არის შემცირებული. დეკემბერში, ასევე, 6.3%-ით შემცირდა ახალრეგისტრირებული კომპანიების რაოდენობაც.